„ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლებს სანაცვლოდ შექმნილ სამსახურებში დარჩენას სთავაზობს
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს, სასესიო განხილვებისას, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც სამსახურის 120 თანამშრომელი სანაცვლოდ შექმნილ ორ სამსახურში გადანაწილდება. კობახიძის ინიციატივაში სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები ნახსენებები არ იყო.
ინიციატივიდან ჩანს, რომ მმართველმა გუნდმა ნაწილობრივ უკან დაიხია, რამდენადაც კანონპროექტის პირველადი ვერსია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მისი თანამშრომლების დათხოვნას ითვალისწინებს. ქართული ოცნება სანაცვლოდ ორი ახალი ორგანოს – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნას გეგმავს.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს საკუთარი პოზიციები შეუნარჩუნდებათ და ისინი ახალ საგამოძიებო სამსახურში გადავლენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტში დასაქმებულები კი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ სამსახურში ავტომატურად, უკონკურსოდ დასაქმდებიან.
რაც შეეხება დანარჩენ 7 დეპარტამენტში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დასაქმებულ თანამშრომლებს, კობახიძის თქმით, მათ საკუთარი არჩევნის შესაბამისად ორ ახალ სამსახურში გადანაწილების შესაძლებლობა ექნებათ.
კანონპროექტს, რომელმაც საკომიტეტო მოსმენები უკვე გაიარა, პარლამენტი, სავარაუდოდ, 30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს. ქართული ოცნების დეპუტატები ცვლილებების დაჩქარებული წესით, ახალ წლამდე მიღებას ცდილობენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივაზე მეტი დეტალისთვის აგრეთვე ნახეთ:
- პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხის დაჩქარებულად განხილვის შეწყვეტას ითხოვს
- ომბუდსმენი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
- აშშ-ის ელჩი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე „ოცნების“ ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)