სოხუმის არეულობის საქმეზე სულ ცოტა ოთხი პირია დაკავებული

ოკუპირებული აფხაზეთის „პროკურატურამ“ 8 იანვარს განაცხადა, რომ სოხუმში ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის წინააღმდეგ 21 დეკემბერს მომხდარი არეულობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული.

დაკავებულებს – რამაზან ჯოპუას, ანრი ინაპშბას, ბესლან წვიჟბას და ასლან ტანიას – მასობრივ დარბევებსა და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობაში ედებათ ბრალი.

„პროკურატურამ“ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის „უშიშროების სამსახური“ და „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ აგრძელებენ არეულობაში მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ გამოძიებას.

იმავდროულად, ოპოზიციის მხარდამჭერი მედია იუწყება, რომ 21 დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ასევე დააკავეს მეხუთე პირი, ბაგრატ სურმავა. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია მეექვსე დაკავებულის შესახებაც.

ოპოზიციის გამოხმაურება

აფხაზეთის სახალხო-პატრიოტულმა კავშირმა, რომელიც 21 დეკემბრის საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო, 8 იანვარს დაგმო დაკავებები და მას „უგუნური და წინდაუხედავი ქმედება“ უწოდა.

სახალხო-პატრიოტულმა კავშირმა განაცხადა, რომ „ცინიკურია“ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ბჟანიას „რეჟიმის“ მიერ 9 იანვრის წინა დღეს – იმ დღეს, როდესაც ორი წლის წინ მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, რამაც საბოლოოდ მის ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყო ხელი.

„სწორედ ბჟანია და მისი მხარდამჭერები იყვნენ, რომლებიც ექვსი წლის განმავლობაში სინდისის ქენჯნის გარეშე ანჯღრევდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას… ეს ის ხალხია, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე ცინიკურად უგულებელყოფდნენ აფხაზეთისა და აფხაზური საზოგადოების ყველა დაწერილ თუ დაუწერელ კანონს“, – განაცხადა კავშირმა.

9 იანვარს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სახალხო-პატრიოტული კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა ახრა ბჟანიამ, ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა – გივი კვარჩიამ და გარი კოკაიამ ბჟანიას ადმინისტრაციაზე ზეწოლის ყველა პოლიტიკური მეთოდის გამოყენების პირობა დადეს.

ახრა ბჟანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით, ასლან ბჟანიას ადმინისტრაცია რეგიონის ლიდერის სადავო ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას შეეცადა.

„ესენია ენერგეტიკის [სფეროს] გაყიდვა, უძრავი ქონებისა და სანაპირო ზონების გასხვისება“, – აღნიშნა მან, მხედველობაში ჰქონდა რა ბჟანიას გეგმები აფხაზეთის ქონების რუსეთის მოქალაქეთათვის მიყიდვის თაობაზე.

დეპუტატმა კვარჩიამ განაცხადა, რომ ორი დაკავებული – ჯოპუა და ინაპშბა – მისი თანაშემწეები არიან. აღნიშნა რა, რომ ორივე პროცედურული დარღვევებით დააკავეს, კვარჩიას თქმით, მისი თანაშემწეები „სუვერენიტეტის, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების საკითხებზე“ არსებული პოზიციების გამო დააკავეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)