აშშ-მა ჟენევაში ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურა
ჟენევაში 9-10 იანვარს რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ მიუხედავად რუსეთის მოთხოვნისა, რომ ალიანსმა გააუქმოს 2008 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველო და უკრაინა საბოლოოდ გახდებიან მისი წევრები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა 10 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არავის მისცემს უფლებას შეწყვიტოს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა, რომელიც „ყოველთვის მთავარი იყო ალიანსისთვის“.
შერმანმა უსაფრთხოების შესახებ რუსეთის წინადადებებს ვაშინგტონისთვის უსარგებლო უწოდა და განაცხადა, რომ აშშ „არ იტყვის უარს ორმხრივ თანამშრომლობაზე იმ სუვერენულ სახელმწიფოებთან, რომელთაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა სურთ“ და მათი მონაწილეობის გარეშე არ მიიღებს გადაწყვეტილებებს უკრაინის, ევროპის ან ნატოს თაობაზე.
„შეუძლებელია, რომ ერთმა ქვეყანამ მეორე ქვეყნის საზღვრები ძალისმიერი გზით შეცვალოს, ან მეორე ქვეყანას მისი საგარეო პოლიტიკის პირობები უკარნახოს, ანდაც აუკრძალოს მას, თავად აირჩიოს ალიანსები“, – განაცხადა მან.
იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვისთვის აუცილებელი იყო დარწმუნებულიყო, რომ უკრაინა და საქართველო „არასოდეს“ გახდებიან ნატოს წევრები.
რიაბკოვმა ნატოს სამიტი, რომელიც მადრიდში 2022 წლის 29-30 ივნისს გაიმართება, იმ ადგილად დაასახელა, სადაც ალიანსს შეუძლია მოსკოვს ამ ტიპის სამართლებრივი გარანტიები წარუდგინოს. მისივე თქმით, მოსკოვს მყარი, იურიდიულად სავალდებულო გარანტიები ესაჭიროება.
აღნიშნა რა, რომ ნატოს არგაფართოების შესახებ მოლაპარაკებებმა პროგრესს ვერ მიაღწია, რიაბკოვმა განაცხადა, რომ „ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო, რომელიც ჩვენს წინაშე იდგა“.
„მე ვიტყოდი, რომ დანარჩენი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება შემდგომში კონკრეტულად ამ საკითხზე“, – დასძინა მან.
მიმდინარე კვირას ასევე დაგეგმილია რამდენიმე სხვა მაღალი დონის შეხვედრა რუსეთის მონაწილეობით. 12 იანვარს, ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, 13 იანვარს კი – ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზალკალიანს ესაუბრა
- თბილისი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოსკოვის მოწოდებას გმობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)