სოხუმში ახალი ბიუჯეტის დამტკიცება გვიანდება
ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2022 წლის ბიუჯეტის მიღების დაგვიანების ფონზე დროებითი ხარჯების გამოყენება დაიწყო.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ 11 იანვარს წერდა, რომ ოკუპირებულ რეგიონს თვეში 2021 წლის ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების 1/12 დახარჯოს, რაც ყოველთვიურად 767 მლნ რუსული რუბლია (10.3 მლნ აშშ დოლარი).
2022 წლის ბიუჯეტმა 29 დეკემებერს აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანოში“ მხოლოდ პირველი მოსმენა გაიარა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის შემოსავლები 9.43 მლრდ რუბლია (126.6 მლნ აშშ დოლარი), ხარჯები კი – 9.98 მლრდ რუბლი (134 მლნ აშშ დოლარი). „ბიუჯეტის“ დეფიციტი 554.2 მლრდ რუბლს (7.44 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარება, სავარაუდოდ, 4.38 მლრდ რუბლი (58.7 მლნ დოლარი), 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განსახორციელებლად კი – 1.35 მლრდ რუბლი (18.6 მლნ აშშ დოლარი) იქნება.
ამასთან, არასაბიუჯეტო სახსრებიდან საპენსიო ფონდისთვის 1.29 მლრდ რუბლი (17.2 მლნ აშშ დოლარი) გამოიყოფა; 166 მლნ რუბლი (2.23 მლნ აშშ დოლარი) ინვალიდ ვეტერანთა ფონდისთვის; 122 მლნ რუბლი (1.64 მლნ აშშ დოლარი) სოციალური დაზღვევისა და შრომის დაცვისთვის; 45.5 მლნ რუბლი (610 000 აშშ დოლარი) სამედიცინო დაზღვევისთვის; 209.3 მლნ რუბლი (2.8 მლნ აშშ დოლარი) „რეპატრიაციის“ ფონდისთვის; 115 მლნ რუბლი (1.5 მლნ აშშ დოლარი) გზებისთვის.
ბიუჯეტის პროექტი პირველ მოსმენაზე აფხაზი „დეპუტატების“ კრიტიკის ობიექტი გახდა. „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვან გამოცემა „ეხო კავკაზას“ ცნობით, ერთ-ერთი ხარჯი, რომელიც „კანონმდებლებს“ განსაკუთრებით არ მოეწონათ, რუსი ინვესტორისთვის, მიხაილ პანოვისთვის აფხაზ პარტნიორებთან კონფლიქტის შემდეგ მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 55 მლნ რუბლის (737 000 აშშ დოლარი) გადახდა იყო.
„დეპუტატი“ ნატალი სმირი ამტკიცებდა, რომ კანონი ხელისუფლებას ამის გაკეთებას არ ავალდებულებდა. მან პოტენციურ კორუფციულ ნიშნებზე მიუთითა და დასვა კითხვა, ხომ არ იყო ეს „მეგობრის დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე“.
მანვე „ფინანსთა მინისტრი“, ვლადიმირ დელბა „პარლამენტში“ ბიუჯეტის პროექტის ერთი თვის დაგვიანებით, 1 ნოემბრის ნაცვლად, 1 დეკემბერს წარდგენისთვისაც გააკრიტიკა.
აფხაზეთში 2021 წლის ბიუჯეტის მიღებაც შეფერხდა. საბოლოოდ ის 31 მარტს მიიღეს. წინა წლის ბიუჯეტის შემოსავლები 8.4 მლრდ რუბლი (111 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ხარჯები 9.2 მლრდ რუბლი (121.8 მლნ აშშ დოლარი) იყო. ბიუჯეტის დეფიციტი 791.8 მლნ რუბლს (10.5 მლნ აშშ დოლარი) შეადგენდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)