ქართული ოცნება ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს განიხილავს
ქართული ოცნების დეპუტატები პარტია ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს „თიბისი ბანკის“ სადავო საქმეზე იგი დამნაშავედ ცნო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მას შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მას არ დაიჭერენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 13 იანვარს განაცხადა, რომ საკითხის განსახილველად ფორმალური საფუძველი არსებობს და იქვე საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი დაასახელა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს, თუ ის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.
„ეს ნიშნავს, რომ საკითხი განხილული უნდა იქნეს“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რიგ დაუდგენელ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომელთა გათვალისწინებაცაა საჭირო.
ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ პარლამდენტი მის მანდატს შეწყვეტს, ეს „იქნება შეფასებული როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის“.
რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მათ შორის, ლელოს საპარლამენტო ფრაქციის წევრმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, ასევე პაატა მანჯგალაძემ სტრატეგია აღმაშენებლიდან და ალეკო ელისაშვილმა მოქალაქეებიდან განაცხადეს, რომ ამგვარ ქმედებას პოლიტიკურ დევნად განიხილავენ.
იმავდროულად, გირჩის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ საკითხი არ უნდა შევიდეს პარლამენტის დღის წესრიგში, რადგანაც კონსტიტუცია ითვალისწინებს მანდატის ვადამდელ შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, ხოლო ჯაფარიძის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შევა ძალაში დანაშაულის ხანდაზმულობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 იანვარს ბადრი ჯაფარიძე, მისი პოლიტიკური პარტნიორი, ყოფილი დეპუტატი მამუკა ხაზარაძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თაღლითობის მუხლით დამნაშავეებად ცნო.
ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი 2019 წელს წაუყენეს. მოსამართლემ სამივე მათგანს ფულის გათეთრების საქმეზე წაყენებული ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, ასევე გააუქმა მათ მიმართ შეფარდებული გირაო და პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვა და მათ ქონებაზე დადებული ყადაღაც მოხსნა.
ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი დანაშაულის ჩადენას უარყოფენ და სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტაციაში გასაჩივრებას გეგმავენ.
თუ ქართული ოცნების დეპუტატები ჯაფარიძეს მანდატს ჩამოართმევენ, პარტია ლელოს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ორი წევრი დარჩება – ანა ნაცვლიშვილი და დავით უსუფაშვილი.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მანდატზე უარი ნოემბერში განაცხადა, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების „გაყალბების“ მოტივით. პარტია ძველ წევრებს ახალი წევრებით ვერ ჩაანაცვლებს, ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო ბოიკოტის დროს თავისი პროპორციული სია გააუქმა.
ასევე წაიკითხეთ:
- „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ
- სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი გაამტყუნა, თუმცა მათ არ დაიჭერენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)