პრეზიდენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადო
ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდების მიუხედავად, რომ პრეზიდენტს ვეტო დაედო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ნაჩქარევად შეტანილი ცვლილებებისთვის, რომლებიც „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის“ დარღვევის გამო მოსამართლეთათვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს ხელი მოაწერა.
პრეზდენტმა ზურაბიშვილმა 13 იანვარს განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება „არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის“.
„თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული“.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ძალიან ცუდი პრეცედენტია“, რომ 6 წლის ვადით არჩეული დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელის – ლონდა თოლორაიას „სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე“.
„მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება“, – დასძინა მანვე.
ინსპექტორის სამსახური ფუნქციონირებას 1 მარტიდან შეწყვეტს, თუმცა მისი თანამშრომლები სანაცვლოდ შექმნილ ორ ორგანოში გადანაწილდებიან, გარდა თავად ინსპექტორისა და მისის მოადგილეებისა.
„მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება“, – თქვა პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ ახლადშექმნილი სამსახურებიდან ერთ-ერთში ინსპექტორს საქმიანობის შესაძლებლობა ექნება „დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით“.
„მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს“, – დასძინა მანვე.
რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს, სალომე ზურაბიშვილმა აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ აქაც „სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად“ მიაჩნია.
აღნიშნა რა, რომ „ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს“, პრეზიდენტმა ამის ერთ-ერთ მაგალითებად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ცვლილება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ „პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტი იმ რისკების შესახებ გააფრთხილა, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შეახსენა, რომ „მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ“.
პარლამენტმა სადავო კანონები 30 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რასაც სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. 3 იანვარს, აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ქართულმა ოცნებამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულების პრინციპს.
ინსპექტორის სამსახურისა და „საიას“ პასუხი
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას განცხადებით უპასუხა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და აღნიშნა, რომ „არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნულ კანონზე ვეტოს დადების მოლოდინი“.
სამსახურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ისინი ვეტოს დაძლევდნენ, „საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებისა და არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის მეტი სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფისთვის“.
ამასთან, სამსახურის თქმით, მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდგომ, პარლამენტს კიდევ ერთხელ დაფიქრებისა და გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობა ექნებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს არგამოყენება არის „აბსოლუტურად გაუგებარი“, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც თავადვე განაცხადა, რომ „გარკვეულ საკითხებს“ თავადაც არ ეთანხმება.
მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მის მიერვე წამოწყებულ „ეროვნული თანხმობის“ პროცესს. „მართლმსაჯულების სისტემაში ხელისუფლების ჩარევის შესაძლებლობების გაზრდით, ვერ შემცირდება პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი“, – თქვა მანვე და დასძინა, რომ „გამომდინარე პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯია“.
ასევე წაიკითხეთ:
- პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხის დაჩქარებულად განხილვის შეწყვეტას ითხოვს
- სადავო კანონპროექტი „გაუწონასწორებელი“ მოსაზრებებისთვის მოსამართლეთა დასჯას ითვალისწინებს
- პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი სამივე მოსმენით დაუჭირა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)