გაერო: ინსპექტორის სამსახურის გაუქმება „შემაშინებელი გზავნილია“ სხვა სტრუქტურებისთვის
გაეროს მისიამ საქართველოში დღეს განაცხადა, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების დამაჯერებელი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის გონივრული დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებადამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს“.
გაეროს მისიამ ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 13 იანვრის გადაწყვეტილებაზე, ხელი მოეწერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე სადავო კანონისთვის, რომელიც სანაცვლოდ ორი ახალი ორგანოს – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მოუწოდებდა პრეზიდენტს, ვეტო დაედო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ნაჩქარევად შეტანილი ცვლილებებისთვის.
„ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტის გაუქმების შესახებ ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე“, – განაცხადა გაეროს მისიამ.
გაეროს მისიამ შეშფოთება იმის გამოც გამოხატა, რომ კანონი ითვალისწინებს საგამოძიებო სამსახურის მანდატს დაქვემდებარებული დანაშაულების სიის „მნიშვნელოვან გაფართოებას“, რაც უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს ქმნის და გამოიწვევს მისი გუნდის ყურადღების გადატანას თავისი ძირითადი მანდატის – დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის – შესრულებიდან.
განცხადებაში ასევე ნახსენებია წამების საკითხებზე გაეროს მაშინდელი სპეციალური მომხსენებლის ხუან მენდეზის 2015 წლის რეკომენდაციები, რომელთა თანახმადაც, „ზედმეტად ფართო იურისდიქციამ“, შესაძლოა, სახელმწიფო ინსპექტორის ამოცანები მეტისმეტად გაართულოს, იმ შემთხვევაში, თუ მისი მანდატის ქვეშ ასევე მოექცევა ის დანაშაულები, რომლებიც არ ეხება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.
გაეროს მისიამ მოუწოდა ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ.
ქართული ოცნების დეპუტატებმა 29-30 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ცვლილებები სამივე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღეს.
სადავო კანონმდებლობას სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა. საბოლოოდ, პრეზიდენტმა კანონპროექტზე ვეტოს დადებისგან თავი შეიკავა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე კანონიც და მისი დაჩქარებული წესით მიღებაც თავადვე გააკრიტიკა.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ მკაცრად აკრიტიკებს
- პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი სამივე მოსმენით დაუჭირა
- „ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლებს სანაცვლოდ შექმნილ სამსახურებში დარჩენას სთავაზობს
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე „ოცნების“ ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)