საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა პოლონელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დღეს პოლონელ კოლეგას, გენერალ რაიმუნდ ანდჟეიჟაკს უმასპინძლა. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო.
ამავე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონეთის მხარდაჭერას, ასევე საქართველოს სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით მჭიდრო პრაქტიკულ თანამშრომლობას.
პოლონეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის რანგში საქართველოში განხორციელებული პირველი ვიზიტის დროს, გენერალმა ანდჟეიჟაკმა განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია და მოდერნიზაცია „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ და ამ ძალისხმევაში პოლონეთის მხარდაჭერა დაადასტურა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მხარეებმა კიბერუსაფრთხოებისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში საქართველოს შესაძლებლობების ზრდის საკითხი განიხილეს.
18 იანვარს, პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.
პოლონეთის თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნის ვიზიტი ნატოს მოკავშირე სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო ძალების კონცენტრაციის გამო, ასევე ნატოს არგაფართოების მოთხოვნის თაობაზე ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ხორციელდება.
ასევე წაიკითხეთ:
- თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს შტაბბინას სტუმრობდა
- ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა
- ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)