სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთაში დახმარების საქმეზე ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 იანვარს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთაში დახმარების საქმეზე დაკავებული ოთხივე ბრალდებული 5 000-5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროცესზე დაცვის მხარემ უდაოდ ცნო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რის შემდეგაც მოსამართლემ დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლა გადაწყვიტა.
მისივე თქმით, უკვე აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
ბრალდებულების წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს და 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთ ბრალდებულს, ელგუჯა ცომაიას გამოძიება დამატებით 3441 მუხლის დარღვევასაც ედავება, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას ან/და მისთვის ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნას გულისხმობს და სასჯელის სახით 2-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების თანახმად, ელგუჯა ცომაიამ მიხეილ სააკაშვილი ფოთის პორტიდან გამოიყვანა და მოგვიანებით, იგი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დამალა. რაც შეეხება მამა-შვილ შალვა და ზურაბ წოწორიებს, პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს რეგიონში წაიყვანეს, გიორგი ნარიმანიძე კი – ცომაიასთან ერთად მიხეილ სააკაშვილს თბილისისკენ მომავალ გზაზე ახლდა.
პოლიციამ ცომაია 1 ოქტომბერს, წოწორიები 3 ოქტომბერს, ნარიმანიძე კი – 20 ოქტომბერს დააკავა.
გარდა ოთხი ბრალდებულისა, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების საქმის ფარგლებში 10 დეკემბერს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ასევე ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, ლორთქიფანიძემ, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის დეტალური გეგმა შეიმუშავა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 28-29 სექტემბერის ღამით შემოვიდა, სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება მას საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ასევე წაიკითხეთ:
- პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაბატებითი ბრალის დადგენილება გამოიტანა
- მიხეილ სააკაშვილის საქმე: შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა
- მიხეილ სააკაშვილის საქმის ახალი დეტალები
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)