ოპოზიციამ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე აირჩია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრი, კორნელი სალია საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
ფარული კენჭისყრის შედეგად სალიამ 15 ოპოზიციური ხმიდან 14 მიიღო, ერთი ხმა კი – გაბათილდა. საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
27-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნება და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 11-11 წევრი ჰყავთ, 1 ლელოს, 3 პარტია საქართველოსთვის, 1 კი – დამოუკიდებელი დეპუტატია. მან გახარიას პარტია ოქტომბერში დატოვა.
ახალ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, სალიამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოადგილეებად ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს თითო წევრის დასახელებას გეგმავს. რაც შეეხება საკრებულოს კომისიებს, მისი თქმით, მათი თავმჯდომარეების უმეტესობა ოპოზიციიდან იქნება, თუმცა რამდენიმე ადგილს ქართულ ოცნებასაც შესთავაზებენ.
მართალია, მმართველმა პარტიამ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, სალიამ აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა აუცილებელია. ამას გარდა, მან უარყო სხვა ოპოზიციურ პარტიებთან რაიმე მოლაპარაკებების გამართვა დღევანდელი გამარჯვების მოსაპოვებლად.
მანამდე წალენჯიხის საკრებულოს სხდომა ხუთჯერ გადაიდო და დეპუტატებმა თავმჯდომარის არჩევა ვერ შეძლეს. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახალი შემადგენლობით ის პირველად 3 დეკემბერს შეიკრიბა.
წალენჯიხის საკრებულომ ჩხოროწყუს საკრებულოს მაგალითი გაიზიარა, სადაც დეკემბერში თავმჯდომარედ ასევე გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს.
ყოფილი პრემიერის პარტიამ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი კანდიდატების მხარდაჭერა შესთავაზა, სანაცვლოდ კი – საკრებულოში ოფიციალურ თანამდებობებს დაჰპირდა. პარტიის თქმით, ამგვარი შემოთავაზება ორ უმსხვილეს პოლიტიკურ პარტიას შორის ბალანსის უზრუნველყოფას ემსახურება.
სამეგრელოს რეგიონში მდებარე წალენჯიხის რაიონი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერი ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ხარჩილავა გახდა.
ასევე წაიკითხეთ:
- დმანისში ენმ-დან წასული დეპუტატი ქართულ ოცნებას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში დაეხმარა
- ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს
- ქართული ოცნება უმრავლესობას დამოუკიდებლად 7 საკრებულოში ვერ ქმნის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)