დავით ზალკალიანი ლიეტუვას სტუმრობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 19-21 იანვარს ლიეტუვას სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა ლიეტუვის პრეზიდენტ ნიკოლას ნაუსედას, ქვეყნის პირველ დიპლომატ გაბრიელიუს ლანსბერგისს და სეიმას სპიკერ ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენს.
ზალკალიანის ვიზიტი რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო სამხედრო ძალების განლაგების გამო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის, ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ნატოში არმიღების მოთხოვნის ფონზე მიმდინარებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა უსაფრთხოების არსებულ გარემოზე, რუსეთთან მიმდინარე დიალოგსა და საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებებზე იმსჯელა. ამასთან, მხარეებმა მიმდინარე მოვლენების ფონზე ნატოსთან, აშშ-თან და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ამავე ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტ ნაუსედას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე უკანონო ქმედებებს გაუსვა ხაზი, „რაც მძიმედ აისახება როგორც ჰუმანიტარულ, ასევე უსაფრთხოების გარემოზე“.
ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თავის მხრივ, ნიკოლას ნაუსედამ დავით ზალკალიანს უთხრა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით წარმატება და სისწრაფე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული რეფორმების ეფექტიან განხორციელებასა და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაზე.
აღნიშნა რა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკემბერის სამიტი საქართველოსთვის ძლიერი იმპულსი უნდა იყოს, პრეზიდენტმა ნაუსედამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დემოკრატიის კონსოლოდაციისა და ინსტიტუტების, ასევე სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის რეფორმების გაგრძელება სჭირდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 იანვრის შეხვედრაზე საქართველოს და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს პარტნიორების ერთიანი პოზიცია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ალიანსის გადაწყვეტილება არ გადაიხედება, მათვე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგზე იმსჯელეს.
შეხვედრის შემდეგ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეების მთავარი მიზანი არის სიტუაციის დეესკალაციის მიღწევა, რუსეთთან კომპრომისის მოძებნაა, თუმცა არა „იმ მკაფიო წითელ ხაზებთან მიმართებით, რომლ[ებიც] განსაზღვრულია“. „ეს წითელი ხაზები გახლავთ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ჩვენი თავისუფალი ნება, ავირჩიოთუსაფრთხოების ალიანსები“, – დასძინა მანვე.
ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გაღრმავების მიზნის მხარდაჭერის პარალელურად, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას უთხრა, რომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს „ამბიციური“ განაცხადი „ბევრ საშინაო დავალებას“ მოითხოვს.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძოს კომპელქსური რეფორმები“, – თქვა ლიეტუველმა დიპლომატმა და ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანების, ასევე სახელმწიფოსა და მისი ხალხის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მინისტრ ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის ჩართულობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ქართულმა ოცნებამ ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში, ცალმხრივად დატოვა, კვლავაც „მნიშვნელოვანია კონსენსუსის მიღწევისა და ქვეყანაში რეფორმების პროცესის სამომავლო წარმატებისთვის“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 იანვარს, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენთან შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი განიხილა.
ვილნიუსში გამგზავრებამდე დავით ზალკალიანი 17-18 იანვარს ბრიუსელს სტუმრობდა, სადაც იგი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და მოკავშირე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
ასევე წაიკითხეთ:
- დავით ზალკალიანი ნატოს შტაბბინას სტუმრობს
- ლავროვი იმედოვნებს, რომ ბაქო, ანკარა და ერევანი დაარწმუნებენ თბილისს 3+3 პლატფორმას შეუერთდეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)