სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა მოლაპარაკებით დაასრულეს
სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა 5 დღიანი გაფიცვა დამსაქმებელთან მოლაპარაკებით დაასრულა.
დამოუკიდებელმა პროფკავშირმა, „სოლიდარობის ქსელმა“ 21-22 იანვრის ღამის საათებში განაცხადა, რომ გაფიცულები ხელფასების 40%-60%-იან მატებას დათანხმდნენ და რომ გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები, რომელთა ნაცვლადაც დასაქმებულთან ერთწლიანი კონტრაქტები დაიდება.
პროფკავშირის თქმით, გაფიცულებმა მიიღეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებაც (მათი თქმით, ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იმავე ხელფასს, რომელიც მუშაობისას ერიცხებოდა).
„სოლიდარობის ქსელის“ განცხადებით, გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დროის ხელფასიც. ამასთან, გაუმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი.
სოციალურმა აგენტებმა და უფროსმა სოც. აგენტები მიიღეს დაპირებაც, რომ ბენეფიციარებთან სტუმრობისას დამსაქმებელი მათ ტრანსპორტს გამოუყოფს.
პროფკავშირის თქმით, იგეგმება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნაც.
- სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გაიფიცნენ
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცება
„ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!“, განაცხადა „სოლიდარობის ქსელმა“.
სოციალური სააგენტოს თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ მათი ხელფასები 2007 წლის შემდეგ არ გაზრდილა. აქამდე, სოციალური აგენტები 250 ლარზე მუშაობდნენ, ხოლო უფროსი სოციალური აგენტების ანაზღაურება 550 ლარი იყო. ოჯახებში ვიზიტისას შევსებულ დეკლარაციებზე ისინი დამატებით 6 ლარს იღებდნენ.
გაფიცულები, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც სააგენტოს სოციალური აგენტები, ასევე სპეციალისტები, თუ უფროსი და მთავარი სპეციალისტები, თავიდან ხელფასის 100%-იან ზრდას ითხოვნდნენ. თავდაპირველად, ისინი დამსაქმებლის 16 იანვრის წინადადებას 40-60%-იან ზრდას არ დათანხმდნენ.
სოციალური მომსახურების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი ორგანოა, რომლის პრეროგატივაც სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)