გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი: საქართველოს ნატოში მიღება „არაგონივრულია“
გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კაი-ახიმ შიონბახმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში მიღება „არაგონივრული“ იქნებოდა.
როდესაც მას ნიუ-დელიში თავდაცვის კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (IDSA) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ნატოს აღმოსავლეთ გაფართოების შესახებ ჰკითხეს, გერმანელმა სარდალმა განაცხადა, რომ „თუ ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, ნატოში გაწევრიანებას გადაწყვეტს და წევრობის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს… მე ვიტყოდი – კი“.
მისივე თქმით, „უკრაინა, რა თქმა უნდა, ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვინაიდან ის, სულ ცოტა, მისი დონბასის რეგიონი, ოკუპირებულია რუსეთის არმიის მიერ“.
„აიღეთ სხვა ქვეყნები, მაგალითად, საქართველო. საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება. აკმაყოფილებენ ისინი მოთხოვნებს? დიახ, ისინი აკმაყოფილებენ. გონივრულია მისი მიღება წევრად? არა, არ არის“, – აღნიშნა მანვე.
ალიანსში ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანებაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ „ბალტიისპირეთის ქვეყნების – ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის მიღება გონივრული იყო, ვინაიდან ისინი სუვერენული სახელმწიფოები იყვნენ, სანამ რუსეთი მათ ოკუპაციასა და საბჭოთა კავშირში ინტეგრაციას განახორციელებდა“.
შემდგომი სადავო განცხადებები
გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც, დასავლელი ლიდერების თქმით, უკრაინაში ხელახალი შეჭრისთვის ემზადება, არ აპირებს უკრაინის ტერიტორიების მიერთებას, არამედ „პატივისცემას“ მოითხოვს.
„ნამდვილად სურს რუსეთს უკრაინის ტერიტორიის ამ პატარა მონაკვეთის თავის ქვეყანასთან მიერთება? არა, ეს სისულელეა. შესაძლოა, პუტინი ზეწოლას ახდენს, რადგანაც იცის, რომ ამის გაკეთება შეუძლია და ევროკავშირის მოსაზრების გახლეჩა სურს. რეალურად კი – მას მხოლოდ პატივისცემის მიღება უნდა“, – განაცხადა ვიცე-ადმირალმა.
„ღმერთო ჩემო, პატივისცემის გამოჩენას ხომ არცთუ ძვირი ფასი აქვს“, – თქვა მანვე და დასძინა – „ძალიან მარტივია, მის მიმართ იმ პატივისცემის გამოჩენა, რომელსაც ის ითხოვს და, შესაძლოა, იმსახურებს კიდეც“.
ვიცე-ადმირალის თქმით, „რუსეთი ძველი, მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენც კი, ინდოეთსა და გერმანიას, გვჭირდება რუსეთი, რადგანაც რუსეთი ჩინეთთან დასაპირისპირებლად გვჭირდება…“.
„ჩემი შეხედულებით, მე ძალიან რადიკალური კათოლიკე ვარ, მე მწამს ღმერთის და მწამს ქრისტიანობის და აქ, ჩვენ საქმე გვაქვს ქრისტიანულ სახელმწიფოსთან. მართალია, პუტინი ამბობს, რომ ის ათეისტია, ამას მნიშვნელობა არ აქვს… ამ დიდი ქვეყნის ყოლა, თუნდაც ის დემოკრატიული არ იყოს, ორმხრივ პარტნიორად ადვილია და ეს რუსეთს ჩინეთისგან დააშორებს, რადგან ჩინეთს რუსეთის რესურსები სჭირდება“, – განაცხადა ვიცე-ადმირალმა.
აღიარა რა უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე რეაგირების საჭიროება, გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა განაცხადა, რომ კიევი არასდროს დაიბრუნებს მოსკოვის მიერ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმზე კონტროლს, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკა მოჰყვა.
მის განცხადებებზე მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, ვიცე-ადმირალმა „ნაჩქარევი“ განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ კომენტარში მან აღნიშნა, რომ მისი განცხადება მხოლოდ მის პირად მოსაზრებას ასახავდა და რომ ეს არ იყო გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პოზიცია.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ გერმანულ გამოცემას Bild უთრა, რომ ვიცე-ადმირალის განცხადება სამინისტროს პოზიციას არ შეესაბამება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)