სადავო განცხადების შემდეგ გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი გადადგა
გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კაი-ახიმ შიონბახმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესახებ გაკეთებული სადავო განცხადების შემდეგ თანამდებობა დატოვა. განცხადებაში, შიონბახმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, საქართველოს ნატოში მიღება „არაგონივრული“ იქნებოდა.
„ახლახან ვთხოვე თავდაცვის მინისტრს, მოვალეობის შესრულებისგან დაუყონებლივ გამათავისუფლოს. ის დაუფიქრებელი განცხადებები, რომლებიც ინდოეთში გავაკეთე უსაფრთხოებისა და სამხედრო პოლიტიკის შესახებ, სულ უფრო აშფოთებს სამინისტროს“, – განაცხადა მან 22 იანვარს.
„იმისათვის, რომ გერმანიის საზღვაო ძალებს, გერმანიის შეიარაღებულ ძალებს და რაც მთავარია, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შემდგონი ზიანი ავარიდო, მივიჩნიე, რომ ამგვარი ნაბიჯი აუცილებელია. ქალბატონმა ფედერალურმა მინისტრმა ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა“, – განაცხადა საზღვაო ძალების პრესცენტრმა შიონბახის სიტყვებზე დაყრდნობით.
ვიცე-ადმირალმა სადავო განცხადება 21 იანვარს ნიუ-დელიში თავდაცვის კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (IDSA) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ „ყირიმის ნახევარკუნძული დაკარგულია. ის არადროს დაუბრუნდება კიევს – ეს ფაქტია“.
როდესაც მას ნატოს აღმოსავლეთ გაფართოების შესახებ ჰკითხეს, გერმანელმა სარდალმა განაცხადა, რომ „უკრაინა, რა თქმა უნდა, ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვინაიდან ის, სულ ცოტა, მისი დონბასის რეგიონი, ოკუპირებულია რუსეთის არმიის მიერ“.
ამ კონტექსტში, ვიცე-ადმირალი საქართველოსაც შეეხო და განაცხადა: „აკმაყოფილებენ ისინი მოთხოვნებს? დიახ, ისინი აკმაყოფილებენ. გონივრულია მისი მიღება წევრად? არა, არ არის“.
გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიების მიერთებას, არამედ „პატივისცემას“ მოითხოვს. რეალურად, მას მხოლოდ პატივისცემის მიღება უნდა“, – განაცხადა მან.
აღნიშნა რა, რომ იგი „ძალიან რადიკალური რომაელი კათოლიკეა“, შიონბახმა თქვა, რომ რუსეთი ძველი, მნიშვნელოვანი ქვეყანაა. „ჩვენ კი, ინდოეთსა და გერმანიას, გვჭირდება რუსეთი, რადგანაც რუსეთი ჩინეთთან დასაპირისპირებლად გვჭირდება“, – დასძინა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ 22 იანვარს განაცხადა, რომ კიევს შიონბახის განცხადებები „კატეგორიულად მიუღებლად“ მიაჩბია. „შესაძლოა, ყირიმის ნახევარკუნძული მხოლოდ ვიცე-ადმირალის წარმოდგენაში დაიკარგოს“, – განაცხადა მან.
ვიცე-ადმირალის განცხადებაზე მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ შიონბახის განცხადება სამინისტროს პოზიციას არ შეესაბამება.
თავის მხრივ, ვიცე-ადმირალმა „ნაჩქარევი“ განცხადებისთვის Twitter-ზე ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ინდოეთში ნათქვამი მის პირად მოსაზრებას ასახავდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე განცხადება არ გამოუქვეყნებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)