ოპოზიცია ქართულ ოცნებას უკრაინის მრავალპარტიული მხარდამჭერისკენ მოუწოდებს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე ოპოზიცია ქართული ოცნების დეპუტატებსა და მთავრობას კიევის მხარდასაჭერად ერთობილივი პოზიციების დაკავებისკენ მოუწოდებს.
24 იანვარს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა მმართველი გუნდის დეპუტატებს უკრაინის მხარდასაჭერად მრავალპარტიული საპარლამენტო რეზოლუციის მიღებისთვის მოლაპარაკების დაწყება შესთავაზეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე, ასევე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევისკენაც მოუწოდეს.
ოპოზიციის მტკიცებით, ნატოში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიციის დაფიქსირება წინსვლისთვის ერთადერთი სწორი გზაა.
„რუსეთის განახლებული აგრესია ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე და გამოწვევა მათ შორის ზოგადად რეგიონალური უსაფრთხოების საკითხის მიმართულებით და ასევე გეოპოლიტიკური მიმართულებით“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები ასევე მნიშვნელოვან რისკებს უმქნის საქართელოს უსაფრთხოებას.
დეპუტატმა საგარეო და თავდაცვის მინისტრებს – დავით ზალკალიანსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს საკითხზე კონსულტაციებისთვის დეპუტატებთან შეხვედრისკენ მოუწოდა.
პარალელურად ლელოს საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა კიევში მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაციის სტუმრობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ეს იქნება ძალიან ნათელი გზავნილი ყველასთვის, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე რუსეთისთვის რომ საქართველო და უკრაინა არ აპირებენ არანაირ დათმობებზე წასვლას“, – განაცხადა მან.
„პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, რუსეთთან, სწორედ ამას მოითხოვს დღეს ჩვენგანაც და ჩვენი უკრაინელი მეგობრებ[ისგან], რომ ჩვენ ნათელი გავხადოთ ყველასთვის, რომ ჩვენი არჩევანია გავხდეთ თავისუფალი სამყაროს წევრი“, – თქვა სალომე სამადაშვილმა და დასძინა, რომ ნატოს წევრობა „ეს ისტორიული არჩევანი ქართველი ხალხის და უკრაინელი ხალხის მიერ არ გადაიხედება“.
ქართული ოცნების პასუხი
ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას“ თუ სჭირდებათ, რომ თავი გამოიჩინოს, „ეს მათი პრეროგატივაა“. „მათი უფლებაა, რაც უნდათ, ის ქნან, [მაგრამ] ჩვენ ვართ სახელმწიფო, მმართველი პარტია, გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობები ჩვენს განცხადებებთან მიმართებით“, – დასძინა მანვე.
გამოხატა რა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ირაკლი ზარქუამ საერთაშორისო თანამეგობრობას საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინისა და „ჩვენისთანა ქვეყნების“ ინტერესების დასაცავად „მეტი შემართებისკენ“ მოუწოდა.
ქართული ოცნების კიდევ ერთმა დაპუტატმ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებით ერთიან საპარლამენტო პოზიციაზე მსჯელობა იქნება და საჭიროების შემთხვევაში, ის გახმოვანდება.
მოგვიანებით, „მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში“ სოლიდარობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც გამოუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმო „ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, თუმცა მას რუსეთი ღიად არ უხსენებია.
შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან თანადგომა უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს 17 იანვარს გამართულ შეხვედრაზეც გამოუცხადა.
სიჩუმე „ყველაფერზე მეტყველებს“?
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების დეპუტატებმა უკრაინის მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გააკეთეს, საქართველოს ლიდერები – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემერი ირაკლი ღარიბაშვილი თავშეკავებას იჩენენ, რუსეთი კი – დასავლეთისგან უკრაინისა და საქართველოს ნატოში არმიღებაზე წერილობით „გარანტიებს“ ითხოვს.
სიცარიელის შევსებას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Twitter-ზე ლაკონიურად შეეცადა. „ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მუქარა სრულიად აუტანელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინალი ხალხის მიმართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, – დაწერა მან.
დავით ზალკალიანის განცხადების საპასუხოდ, ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა – „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე უკრაინის მხარდაჭერის შესახებ რუსეთის ხსენების გარეშე წერს, თითქოს ეს ვანუატუ იმუქრება უკრაინაში შეჭრით. საქართველოს პრემიერს კი ჯერჯერობით არც არამაზე უთქვამს რამე და არც იმაზე, რომ რუსეთი მოითხოვს, საქართველო არასდროს შეუერთდეს ნატოს. ეს ყველაფერზე მეტყველებს“.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არაფერი უთქვამს ამ დრომდე პრემიერ ღარიბაშვილს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დავით ზალკალიანის განცხადებაზე მიუთითა. „უკრაინელ ხალხს ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა, ყოველთვის აქვს და ყოველთვის ექნება“, – განაცხადა მანვე.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია
პარალელურად, თბილისში, სამოქალაქო საზოგადობის წარმოამდგენლებმა, აქტივისტებმა, რიგითმა მოქალაქეებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 23 იანვარს უკრაინისადმი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის საელჩოსთან აქციით გამოხატეს.
შეკრებილებთან სასაუბროდ გამოსულმა უკრაინელმა დიპლომატმა, ანდრიი კასიანოვმა აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო საფრთხეების და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვის მცდელობის ფონზე, უკრაინას ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება.
„ძვირფასო ქართველებო, უკრაინა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქართველ ხალხს თქვენი სოლიდარობისთვის“, – განაცხადა მან და დასძინა – „უკრაიანის მხარდასაჭერად დღეს თქვენი აქ ყოფნა უკრაინის მიმართ ქართველი ხალხის ურყევი ერთგულებისა და მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა“.
უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ადგილობრივმა არასამთავრობო როგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც“ გამოხატეს და განაცხადეს, რომ ქართველი საზოოგადოება მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
თბილისი-კიევის ურთიერთბები: წინაისტორია
თბილისსა და კიევს შორის დაძაბული ურთიერთობების დათბობა 2021 წელს დაიწყო. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის რამდენიმე მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, ამასთან მოლდოვასთან ერთად ასოცირებული ტრიო შეიქმნა.
2020 წელს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, საქართველომ კონსულტაციებისთვის გამოხმობილი ელჩი კიევში, მხოლოდ ერთი წლის თავზე, 2021 წლის აპრილაში დააბრუნა.
თუმცა, როგორც ჩანს, კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობა საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნების შემდეგ კიდევ დაიძაბა. მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულება სამ საქმეს ედავება, ამასთან მას ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.
ნოემბერში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, სატელეფონო საუბრისას ,საქართველოს პრემერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები „სრულად უნდა იყოს დაცული საერთასორისო ნორმების შესაბამისად“.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, 2013-2015 წლებში, მაშინ, როდესაც კიევში მეიდნის მოვლენები განვითარდა და რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა. მაშინ, უკრაინაზე თავშეკავებული პოზიციის გამო ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მე ვარ მთავრობის მეთაური და მე უნდა გავაკეთო ის განცხადება, რომელიც იქნება კეთილდღეობის, სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და არა ის, რომელიც უფრო დააზიანებს ჩვენს ქვეყანას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)