ევროკავშირის საგარეო მინისტრთა საბჭოს დასკვნა

დღეს, ევროკავშირის საგარეო მინისტრების საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს ერთობლივი “დასკვნა ევროპული უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შესახებ.” გთავაზობთ ამ დოკუმენტის სრულ არაოფიციალურ თარგმანს:

საბჭოს დასკვნა ევროპული უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შესახებ

ევროპული უსაფრთხოება განუყოფელია. ევროპული უსაფრთხოების წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხე გავლენას ახდენს ევროკავშირსა და მის წევრებზე.

აქედან გამომდინარე:

  1. საბჭო გმობს რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს და მუქარას უკრაინის წინააღმდეგ, და მოუწოდებს რუსეთს მოახდინოს დეესკალაცია, დაემორჩილოს საერთაშორისო სამართალს და კონსტრუქციულად ჩაერთოს დიალოგში არსებული საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით.
  2. ევროპული უსაფრთხოების ფუძემდებლურ პრინციპებზე დაფუძნებული დიალოგი უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებისა და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრების წინაპირობაა. “გავლენის სფეროების” ადგილი ოცდამეერთე საუკუნეში აღარაა. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ჩვენი პოზიციების კოორდინირბას და საგნობრივად ჩავერთვებით დისკუსიებში არსებული ფორმატების ფარგლებში, მათ შორის რუსეთის მონაწილეობით, იმ საკითხებზე რომლებიც ეხება ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და სტრატეგიულ ინტერესებს.
  3. ვეყრდნობით რა ევროპული საბჭოს 2021 წლის დეკემბრის დასკვნას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ დამატებით აგრესიას მისთვის მასშტაბური შედეგები მოჰყვება და მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს. მათ შორის, გათვალისწინებულია სექტორული და პიროვნული შეზღუდვების ფართო სპექტრი, რომლებიც პარტნიორებთან კოორდინაციით იქნება შემოღებული. ევროკავშირმა დააჩქარა ამ მხრივ მუშაობა მისი უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ხელმძღვანელობით.
  4. საბჭო ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას უკრაინის მედეგობის შემდგომი განვითარებისადმი, მათ შორის კიბერ- და ჰიბრიდული საფრთხეების, ასევე დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობს მხრივ. ევროკავშირი ასევე განიხილავს უკრაინისადმი დახმარებას პროფესიული სამხედრო განათლების კუთხით. საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს უკრაინაში რეფორმების მნიშვნელობას, რომელიც ჩვენს საერთო ღირებეულებებს ეფუძნება, რაც ევროკავშირ-უკრაინის 23-ე სამიტის დასკვნებში დავადასტურეთ. ეს რეფორმები უკრაინის საშინაო და საგარეო საფრთხეებისადმი მედეგობის საწინდარია და საბჭო ადასტურებს ამ ამოცანების განხორციელებაში უკრაინისადმი ევროკავშირის გრძელვადიან და მტკიცე მხარდაჭერას.
  5. საბჭო ხაზს უსვამს, რომ ეუთო წარმოადგენს უსაფრთხოების შესახებ ყველა მხარეს არსებული ჩივილების განხილვისათვის სათანადო ფორუმს. საბჭო მიესალმება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მზადყოფნას, სასწრაფოდ წამოიწყოს საგნობრივი დიალოგი ევროპული უსაფრთხოების შესახებ.
  6. საბჭო ადასტურებს ევროკავშირის ერთიან მიდგომას ამ საკითხებისადმი და მიმდინარე მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას ევროკავშირისა და მისი წევრების მხრიდან აშშ-სთან, ნატოსთან, უკრაინასთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან. საბჭო ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას ტრანსატლანტიკური ერთობისადმი. საბჭო სთხოვს მის უმაღლეს წარმომადგენელს, განაგრძოს ევროკავშირის პოზიციის შეჯერების კოორდინირება და ამაზე დაყრდნობით, აქტიურად ჩაერთოს დისკუსიებში ეუთოს ფარგლებში, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან და ნატოსთან.
  7. წევრი ქვეყნები მზად არიან ჩაერთონ სამხედრო საქმეებში გამჭვირვალობისა და განჭვრეტადობის არსებული მექანიზმების განმტკივებაში, და მხარს უჭერენ შეიარაღებაზე კონტროლის მხრივ ძალისხმევას, განსაკუთრებით ეუთოს ფარგლებში. ამ მხრივ, საბჭო რუსეთს მოუწოდებს კონსტრუქციულად იმოქმედოს.
  8. საბჭო ასევე ადასტურებს ევროკავშირისა და მისი ახლო პარტნიორების მედეგობისა და გამოწვევებზე რეაგირების შესაძლებლობების შემდგომი განმტკიცების აუცილებლობას კიბერ- და ჰიბრიდული შეტევების, გარეშე ქვეყნების მხრიდან საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის, მათ შორის დეზინფორმაციის მხრივ. საბჭო მოუწოდებს უმაღლეს წარმომადგენელსა და კომისიას, გააღრმავონ მუშაობა ამ მიმართულებით.
  9. ევროკავშირი კვლავაც უერთგულებს ერთიან, გრძელვადიან, სტრატეგიულ ევროპულ მიდგომას ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების მიმართ, ხუთ სახელმძღვანელო პრინციპზე დაყრდნობით.*

*)2016 წელს ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ რუსეთთან ურთერთობის ხუთ სახელმძღვანელო პრინციპზე. ესენია: მინსკის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია; მჭირდო კავშირების მშენებლობა რუსეთის მეზობლებთან; რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისამი ევროკავშირის მდგრადობის გაზრდა; რუსეთთან შერჩევითი თანამშრომლობა გარკვეულ საკითხებზე, მაგალითად, ანტი-ტერორიზმზე და მოქალაქეებს შორის კონტაქტების მხარდაჭერა.

Source
Council Conclusions on European Security Situation (pdf)