ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდის შემთხევებმა იმატა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. გუშინ რეგიონში 477 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც გასული კვირის ექვსი დღის საშუალო მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. 24 იანვარს აფხაზეთში ვირუსის რეკორდულად მაღალი – 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მოცემული მომენტისთვის, ოკუპირებულ რეგიონში, სადაც 250 000-ზე ნაკლები მოსახლეა, 4 874 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ 25 იანვრის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის „ჯანდაცვის მინისტრმა“, ედუარდ ბუთბამ თქვა, რომ „ომიკრონის შტამი მთელ მსოფლიოში მძვინვარებს და, სამწუხაროდ, აფხაზეთიც განზე ვერ გადგა“.

„აფსნიპრესის“ ცნობით, ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ ომიკრონის შტამის გავრცელება მხოლოდ 24 იანვარს, 30 შემთხვევით დაადასტურეს.

თუმცა, ბუთბას თანაშემწემ, იმუნოლოგმა ალისა მატუამ განმარტა, რომ ხელისუფლებას უფრო ადრე შტამის დადგენის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მისივე თქმით, ომიკრონის 30 შემთხვევა კერძო ლაბორატორიამ გამოავლინა, რომელიც ნიმუშებს აგროვებს და რუსეთში აგზავნის.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში პანდემიის მართვაზეა პასუხისმგებელი, ბუთბამ განაცხადა, რომ შემხვევების ზრდას მასობრივი ჰოსპიტალიზება არ მოჰყოლია.

„ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული პაციენტების რაოდენობა 165-ს არ აღემატებოდა“, – განაცხადა ბუთბამ და დასძინა, რომ გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა საავადმყოფოში საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება და პრიორიტეტული ამბულატორიული მკურნალობა იქნება.

„აფსნიპრესის“ ცნობით, შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გუშინ ახალ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც დახურულ სივრცეებში მასობრივ თავშეყრას, მათ შორის, ქორწილებს, სხვა დღესასწაულებს, სამგლოვიარო ცერემონიებსა და საქმიან შეხვედრებს კრძალავს.

აფხაზეთის ხელისუფლებამ საჯარო და კერძო სექტორს, ასევე არაკომენრციულ ორგანიზაციებს აუცრელი ფეხმძიმე და 60 წელს ზემოთ თანამშრომლების ფასიან შვებულებაში გაშვების რეკომენდაციაც მისცა.

პანდემიის დაწყდებიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდის 40 875 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 35 413 გამოჯანმრთელდა, 588 გარდაიცვალა.

აფხაზეთთან ერთად, კორონავირუსის შემთხვევების მატებაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალშიც.

საგულისხმოა, რომ რეგიონის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული სტატისტიკა თავიდანვე არათანმიმდევრული და არასანდო იყო. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში 23 იანვარს რეკორდული – 171 შემთხვევა გამოვლიდა. შემთხვეების მკვეთრი მატება ცხინვალშიც 2022 წლიდან დაიწყო.

„რესი“ ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა. ცხინვალის ხელისუფლების მიერ 2015 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, რეგიონში 53 532 ადამიანი ცხორობს, რასაც ექსპერტები გაზვიადებულ მაჩვენებლად მიიჩნევენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)