საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგს სტუმრობს
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 25-27 იანვარს სტრასბურგს სტუმრობს, სადაც ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებს და უფლებადამცველებს შეხვდება და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
შეხვედრების დროს ძირითადი აქცენტები მართლმსაჯულების, მედიაგარემოს, თანასწორობის და სხვა დემოკრატიულ პროცესებზე გაკეთდება.
სახალხო დამცველი უკვე შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივანს, რეჟის ბრილატს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან 25 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა კომისრის მხრიდან უფლებადამცველთა და მედიის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობას. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამ ჯგუფების მიმართ „ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ზეწოლა და თავდასხმები“.
საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებას, ასევე სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
ამავე ინფორმაციით, სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობას.
26 იანვარს, ნინო ლომჯარიამ და ვენეციის კომისიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, კლერ ბაზი მალორიმ სახალხო დამცველის აპარატისა და უფლებადამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს.
იმავე დღეს, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის აღმასრულებელ მდივანთან, რეჟის ბრილატთან შეხვედრაზე, საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, ასევე ინფორმაცია მიაწოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით მის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის საქმიანობის შესახებ.
ნინო ლომჯარიამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაკავებული პირების მდგომარეობა განიხილა და კომიტეტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დახურული დაწესებულების მონიტორინგის საკითხის დღის წესრიგში დაყენება სთხოვა.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სახალხო დამცველის შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, რობერტ სპანოსთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)