გაზ. „თავისუფალი საფრანგეთი“: საქართველოს მოსახლეობამ საბჭოთა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 15 იანვარი, N16
საბჭოთა არჩევნები დაპყრობილ საქართველოში
გაზეთ „თავისუფალი საფრანგეთი“ 21 დეკემბრის ნომერში სწერს: დეკემბრის პირველ რიცხვებისთვის ბოლშევიკებმა საქართველოში დანიშნეს საბჭოს არჩევნები, რომელიც რუსის ჯარის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ გაუქმებული ყო. საარჩევნო დეკრეტის ძალით არჩევნები ფარული არ არის, ხელის აწევით ხდება და სოციალისტებსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ უფლება თავისი კანდიდატების სიის წამოყენების. წინდაწინვე არის ნათქვამი, რომ რევკომი არ დაამტკიცებს არა კომუნისტსო. მეორეს მხრით არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ყველა უცხო ელემენტებს – აფიცრებს, საოკუპაციო ჯარს, რუსის მოხელეებს და აგრეთვე ვოლგის მხრიდან გადმოსახლებულ დამშეულთ. საქართველოს რევკომი ამითაც არ დაკმაყოფილდა და განსაკუთრებით რეპრესიებს მიმართა. 3 000-ზე მეტი მოწინავე მუშა, გლეხი და ინტელიგენტი ჩეკას სარდაფში და ციხეებში ჩაყარეს, რკინის-გზელები და საერთოთ ქართველი მოხელეები ათასობით რუსეთში გადაასახლეს და მათ მაგიერ უცხოელები მოიყვანეს.
ამასთანავე ბოლშევიკების მიერ მოწყობილი ბანდები ერთი საარჩევნო კრებიდან მეორეზე მიდიან, ძალადობას ხმარობენ და არჩევნებში მონაწილეობას იღებენ.
ყველა ამის გამო ქართველი მუშები და გლეხები იძულებული არიან ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს და დასტოვონ საარჩევნო კრებები. ბოლშევიკები ქარხნის კარებს კეტავენ, რომ მუშებს წასვლის საშვალება არ მისცენ და ძალით აარჩევიონ ბოლშევიკების კანდიდატი, მაგრამ ვერას ხდებიან. მაგალითად 500 ამომრჩევლიდან კომუნისტების კანდიდატს 8-10 ხმა მიუვიდა, და ეს ხმებიც მუშების არ იყო. მიუხედავათ ამისა, ასეთ კანდიდატს არჩეულათ აცხადებენ და პროლეტარიატის წარმომადგენლათ სთვლიან.
ეს ცოტაა, საოკუპაციო ჯარებიც ირჩევენ თავის წარმომადგენელს საქართველოს საბჭოში და მათ საქართველოს წითელი არმიის წარმომადგენელათ ასაღებენ.
დიახ, ქართველი მუშები და გლეხები ასეთ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ!