სუსი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებთან „უკანონო ბორდერიზაციაზე“ საუბრობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 28 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევისა და ჯარიაშენის გასწვრივ „უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს“.
სოფელ მეჯვრისხევის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილები, ასევე სოფელ ჯარიაშენის დასავლეთი და ჩრდილოეთი მხარეები საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ორივე სოფელი საქართველოს მთავარი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალიდან დაახლოებით ათი კილომეტრით არის დაშორებული.
სუს-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.
სუს-მა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 27 იანვარს, ტელევიზიებმა კადრები გაავრცელეს, რომლებშიც ჩანს, რომ სამი პირი, სავარაუდოდ, რუსი სამხედროები სოფელ მეჯვრისხევის მიდამოებში იმყოფებოდნენ. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ხეები და ბუჩქები თეთრი ლენტებით მონიშნეს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის გადმოწევას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობენ და ლენტებით ის ადგილები მონიშნეს, სადაც ახალი მავთულხლართების აღმართვას აპირებენ.
სოფელ მეჯვრისხევის ერთ-ერთი მკვიდრის, გოდერძი ბიბილაშვილის თქმით, მისი და კიდევ ორი ოჯახის საცხოვრებელი, სავარაუდოდ, ახალ მავთულხლართებს მიღმა მოექცევა. კიდევ ერთმა ადგილობრივმა, ვასილ ზანგურაშვილმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა, სოფლის სასაფლაოს ნაწილი და მეჯვრისხევის, მე-10 საუკუნის ღვთისმშობლის ტაძარიც აღმოჩნდება.
ადგილობრივთა ეჭვები უარყო სუს-მა და განაცხადა, რომ ინფორმაცია „ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს“.
ასევე წაიკითხეთ:
- სუსი: საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთთან „საზღვრის“ მოწყობის სამუშაოები ჩაატარეს
- მთავარი მაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი განახლდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)