საქსტატი: 2021 წელს ქვეყნის მშპ 10.6%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 10.6%-ით გაიზარდა.
დეკემბერში მშპ-ს ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.6% შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება.
ამავე ინფორმაციით, კლების ტენდენცია მშენებლობის დარგში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ქვეყნის მშპ 2019 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. 2020 წელს, კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყების წელიწადს, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2019-თან შედარებით 6.8%-ით შემცირდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)