დათხოვნილი თანამშრომლები კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივლებენ
კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მათი „დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული“ გათავისუფლების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ, სადაც მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაიცავენ.
31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან შარშან მარტში მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ჩატარებული რეორგანიზაციით გათავისუფლებული 70 თანამშრომლის ნაწილის ინტერესებს დაიცავენ.
დათხოვნილ თანამშრომელთა აზრით, რეორგანიზაცია „უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ“ წარიმართა. ისინი მიიჩნევენ, რომ მინისტრ წულუკიანის, როგორც დამსაქმებლის პოლიტიკა ლოიალურად განწყობილი თანამშრომლების შენარჩუნებას ეფუძნება და არა — კვალიფიკაციის შეფასებას.
საჩივრის ავტორები იხსენებენ, რომ სამინისტრომ თითქმის ყველა ის თანამშრომელი გაათავისუფლა მუზეუმიდან და სააგენტოდან, რომლებმაც გასულ წელს ეროვნული მუზემის შესახებ (კერძოდ, ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შესახებ) ახალი მინისტრის პოლიტიკა საპროტესტო პეტიციაზე ხელმოწერით გააპროტესტეს.
ამასთან, გათავისუფლებული თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ „საკადრო წმენდას“ წინ უძღოდა რამდენიმე მუზეუმისა და სააგენტოს დირექტორებად „შეუსაბამო“ კვალიფიკაციის კადრების დანიშვნა.
კერძოდ, ყოფილი თანამშრომლები მიუთითებენ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორად იურისტ ნიკა ახალბედაშვილის დანიშვნაზე, რომელიც მანამდე თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.
გათავისუფლებული თანამშრომლები ასევე ხელს ადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ ლევან ხიზანიშვილს და შემდგომში ამ სააგენტოს ხელმძღვანელად მოვლენილ ნიკოლოზ აზნაურაშვილს, რომელიც მანამდე კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურის უფროსი იყო.
ისინი ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ჩატარებულ გასაუბრებებს არ ესწრებოდნენ სფეროს პროფესიონალები და რომ მათ ნაცვლად საკონკურსო კომისიას, მოწვეული ექსპერტების რანგით, დარგის უცოდინარი ნიკოლოზ აზნაურაშვილი და სააგენტოს შტატგარეშე თანამშრომელი ვლადიმერ გაბოძე წარმართავდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისიც გაიხსენეს, რომ მინისტრმა წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში დათხოვნილ პირთა მიმართ მუქარაც გააჟღერა საგამოძიებო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, თუ გათავისუფლებულები სამართლებრივ გზებს მიმართავდნენ.
ქუჩის პროტესტი სამინისტროს პოლიტიკის წინააღმდეგ
მინისტრ წულუკიანის მიერ განხორციელებული „წმენდა“ და „ცენზურა“ წინა დღეებში აქტივისტებმა ქუჩაშიც გააპროტესტეს. 21 იანვარს საინიციატივო ჯგუფ „ხელოვნების მუზეუმისთვის“ აქტივისტებმა ამ მიზნით კულტურის სამინისტროსთან მცირე აქციაც გამართეს.
აქციას წინ უძღოდა რამდენიმე მცირე საპროტესტო გამოსვლა მსახიობების, გამომცემლების, მწერლების და მუზეუმების თანამშრომლების მონაწილეობით, რომელთა თქმითაც, მინისტრი წულუკიანი კულტურისა და ხელოვნების სფეროზე „ქართული ოცნების“ კონტროლის დასამყარებლად საბჭოთა დროინდელ მეთოდებს იყენებს.
თავის მხრივ, კულტურის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაციის მიზანი ცხრასაფეხურიანი საშტატო განრიგის ოთხ საფეხურამდე შემცირება და ხელფასების ზრდა იყო.
თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 2021 წლის 22 მარტს მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარლამენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაყო.
მანამდე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თეა წულუკიანი ქართული ოცნების სიით დეპუტატი გახდა. არჩევნებამდე 8 წლის განმავლობაში იგი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მსახურობდა, რომელიც მან 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაიკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)