ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს
უმსხვილესმა ოპოზიციურმა ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ექვსთვიანი საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.
ფრაქციის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ 31 იანვარს განაცხადა, რომ კარსმომდგარ საგაზაფხულო სესიაზე ფრაქციის საპარლამენტო საქმიანობის „ერთ-ერთი ძირითადი ღერძი“ იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება, რომელიც დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო „არაადამიანური“ მოყრობის საკითხს შეისწავლის.
მისი თქმით, კომისიის მიზანი იქნება ქართული ოცნების „რეჟიმის საჯარო მხილება“, თუ როგორ ექცევა მმართველი პარტია ექს-პრეზიდენტს „რეპრესიული ინსტიტუტების“ გამოყენებით.
დეკანოიძის განცხადებით, ფრაქცია პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით და სტრატეგიით ბრუნდება, სადაც იმსჯელებს არა მხოლოდ „ელიტარულ“ და ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ იმაზეც, რომ ადამიანებს ყოველდღიურად „ძალიან მძიმე“ მდგომარეობა აქვთ.
ამ კონტექსტში მან ტყიბულის შახტში წუხელ მომხდარი უბედური შემთხვევაც ახსენა და პირობა დადო, რომ პარტია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც დაუთმობს ყურადღებას.
მისივე თქმით, ფრაქცია აქტიურად ჩაერთვება პარტია „ლელოს“ მიერ ინიცირებული ანტი-კორუფციული კომისიის მუშაობაშიც.
ამასთან, დეკანოიძემ „ყველა ფრონტზე ბრძოლის“ პირობა დადო და განაცხადა, რომ პარტია მხოლოდ პარლამენტსა და საკრებულოებში მუშაობით არ შემოიფარგლება და გაზაფხულზე ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით აქციებსაც გამართავს.
ოპოზიციურმა ფრაქციამ ბოიკოტი 12 ივლისს მას მერე დაიწყო, რაც მთავრობამ უარი თქვა ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 5 ივლისს ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გადადგომაზე.
ფრაქცია უარს აცხადებდა პლენარულ სხდომებსა და სხვა საქმიანობებში მონაწილეობაზე, გარდა შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მთავრობისათვის ნდობა-უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრებისა.
მიმდინარე მოწვევის პარლამენტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერობით მოქმედი „ძალა ერთობაშიას“ ბლოკი ბოიკოტს მანამდეც უცხადებდა, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მოტივით. პარლამენტში შესვლა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 30 მაისს გადაწყვიტა, ევროკავშირის შუამავლობით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის 19 აპრილის შეთანხმების კვალდაკვალ, იმისდა მიუხედავად, რომ მაშინ ენმ-ს შეთანხმებისათვის ხელი მოწერილი ჯერ კიდევ არ ჰქონდა. „ენმ-ძალა ერთობაშიას“ ფრაქცია 7 ივნისს შეიქმნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)