ფოთის პორტში „პეის ჯგუფის“ ახალი საზღვაო ტერმინალი გაიხსნა
ქართულ-ამერიკულმა სატრანსპორტო კომპანიამ, „პეის ჯგუფმა“ (PACE Group) ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალი გახსნა.
„პეის ჯგუფის“ ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 120 მლნ აშშ დოლარია. პროექტის წყალობით, წელიწადში დამატებით 2.5 მლნ. ტონა ტვირთის გატარება იქნება შესაძლებელი, რაც კომპანიის ამჟამინდელ წლიურ ტვირთბრუნვას თითქმის ორჯერ აღემატება.
ტერმინალის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და დღეის მდგომარეობით, მის მშენებლობაზე 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC) Pace Group-ს ტერმინალის მშენებლობის მიზნით 50 მილიონი აშშ დოლარის სესხი გამოუყო.
29 იანვარს, გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტერმინალს რეგიონისთვის „უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი“ უწოდა.
აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს „კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას“.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელიც ასევე ესწრებოდა ცერემონიას, მიესალმა პროექტის განხორციელებას და მას საქართველოს, ასევე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის „უზარმაზარი წარმატების“ მაგალითი უწოდა.
დეგნანმა აღნიშნა, რომ ახალი ტერმინალი „დიდ შესაძლებლობას“ აძლევს საქართველოსთვის, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის კვანძი გახდეს და ხელი შეუწყოს ტვირთების გადაზიდვას ცენტრალური აზიიდან ევროპაში.
ახალი საზღვაო ტერმინალის პროექტი ითვალისწინებდა ტერმინალის განთავსებას 25 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ასევე ფსკერის დაღრმავებას 12 მეტრამდე, რაც პორტს 50 000 ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღების საშუალებას აძლევს.
1992 წელს დაარსებული „პეის ჯგუფი“ უდიდესი სატრანსპორტო კომპანიაა საქართველოში. იგი მოიცავს საზღვაო სააგენტოებს, საბროკერო, ლოგისტიკის, საკონტეინერო სამსახურებს, ნავმისადგომის და ტერმინალის ოპერატორ კომპანიებს. ჯგუფში 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ფოთის პორტში კომპანია რვა ნავმისადგომს და Pace-ის ტერმინალს ამუშავებს.
ასევე წაიკითხეთ:
- მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს
- ბიძინა ივანიშვილის ოფშორული წილები „პანდორას დოკუმენტებში“
- OPIC ფოთში ინვესტირებას გეგმავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)