პარლამენტმა „რუსული აგრესიის“ ხსენების გარეშე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 1 თებერვალს 74 ხმით ქართული ოცნების მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდაჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის. 33-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია კენჭისყრის გადადებასა და რეზოლუციის ტექსტის გადახედვას მოითხოვდა, რათა მასში რუსეთი უკრაინის კრიზისში დამნაშავედ და აგრესორად დასახელებულიყო, მმართველი პარტიის დეპუტატებმა რეზოლუცია კენჭისყრაზე მაინც გაიტანეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა თითქმის არცერთმა დამსწრე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო. გამონაკლისი მხოლოდ მოქალაქეებისა და ევროპელი სოციალისტების დეპუტატები იყვნენ, რომელთაც დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს არა უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუციის, არამედ ისეთი დოკუმენტის მიღება აინტერესებდათ, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნიდა და ქვეყანას სამხედრო ესკალაციისკენ უბიძგებდა.

ოხანაშვილის თქმით, პარტიებს რომც მიეღწიათ შეთანხმება რეზოლუციის ტექსტზე, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მიზეზს მაინც იპოვიდნენ მიზეზს, რომ მისთვის მხარი არ დაეჭირათ.

თავის მხრივ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო ძალების მობილიზაციის ფონზე, მმართველი პარტია რუსეთის მიმართ მაამებლურ პოლიტიკას ატარებს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ტექსტში რუსეთის ფედერაციის გამოტოვება „სირცხვილია“ და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები ვერ ბედავენ რეზოლუციაში რუსეთის აგრესორად მოხსენიებას.

პარტია ლელოს დეპუტატმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ არის „თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ხდება ჩვენი უახლოესი მეგობრის საზღვრებთან და თვალის დახუჭვა იმაზე, რომ რუსეთი აგრელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას“.

იმავდროულად, პარტია მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მართალია, მას საკთხზე ქართული ოცნების სიჯიუტე არ ესმის, იგი მხარს დაუჭერს რეზოლუციას, რადგანაც ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უსვამს ხაზს, მხარდაჭერას იმსახურებს.

ქართულმა ოცნებამ რეზოლუციის ტექსტი პირველად 26 იანვარს გაასაჯაროვა. მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ რეზოლუციაზე კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 24 იანვარს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა ქართული ოცნების დეპუტატებს კიევის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდეს. 26 იანვარს, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ისინი ისეთი რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ იქნებიან, სადაც „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია მოხსენიებული არ არის“.


საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ

საქართველოს პარლამენტი:

ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;

ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;

სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)