ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კიევს ესტუმრებიან
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოსა და დროას წევრები 2-3 თებერვალს კიევს ინდივიდუალური ვიზიტებით ესტუმრებიან.
პარტიათა დელეგაციების შემადგენლობაში იქნებიან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები – ხატია დეკანოიძე და თინათინ ბოკუჩავა, ლელოს დეპუტატები – ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი, ასევე ამავე პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, აგრეთვე დროას წევრები – ელენე ხოშტარია და ბათუ ქუთელია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, მათი ვიზიტები კიევისთვის მხარდაჭერის გამოხატვას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უკრაინის წინააღმდეგ „რუსეთის შესაძლო აგრესია“ ნახსენებიც არ არის.
- პარლამენტმა „რუსული აგრესიის“ ხსენების გარეშე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
- უკრაინაზე რეზოლუციის გამო საქართველოს პარლამენტი „საცირკო წარმოდგენად“ გადაიქცა
კიევში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ საუბრისას, დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ „უკრაინელ ხალხს და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დავუმტკიცოთ კიდევ ერთხელ, რომ რეალურად საქართველოში არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ, რომ ჩვენ ერთი დიდი საერთო ბრძოლის ნაწილი ვართ და რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ ასევე ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებასა და უსაფრთხოებას“.
ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დღეს კიევში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ „იმ სამარცხვინო რეზოლუციის ფონზე, რომელიც მიიღო მმართველმა გუნდმა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და უკრაინელ პოლიტიკოსებს“.
მისივე თქმით, ლელოს წევრები ვერხოვნა რადაში უკრაინელ კოლეგებს შეხვდებაინ და კიევს, ლონდონსა და ვარშავას შორის ცოტა ხნის წინ დაანონსებულ თანამშრომლობის ფორმატზეც იმსჯელებენ.
პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „ოპოზიციას აქვს ვალდებულება რომ კარგად გააგებინოს უკრაინას და ჩვენ პარტნიორებს, რომ ქართული ოცნების პოზიცია არ არის საქართველოს პოზიცია“.
ხოშტარიას თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კიევში ისაუბრებენ „არა მხოლოდ სოლიდარობაზე, არამედ იმ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც ახლა ყალიბდება ევროპაში და რომლის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო“.
მისივე თქმით, პარტია ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს წევრებთან ერთად უკრაინაში რამდენიმე ერთობლივი შეხვედრაც გაიმართება.
ვიზიტებს წინ უძღვოდა საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რომელსაც მოქალაქეებისა და ევროპელი სოციალისტების გარდა მხარი საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილმა არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა.
უკრაინის შესახებ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რეზოლუციის მიმართ კრიტიკის საპასუხოდ, ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტი დაცლილია „პროვოკაციულ რიტორიკისგან“. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეზოლუცია საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მომზადდა და რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას „აშკარად სურს“, რომ იხილოს ომი უკრაინასა და საქართველოში.
ასევე წაიკითხეთ:
- ოპოზიცია და ქართული ოცნება უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდნენ
- დავით ზალკალიანმა უკრაინას საქართველოს „ურყევი მხარდაჭერა“ დაუდასტურა
- ოპოზიცია ქართულ ოცნებას უკრაინის მრავალპარტიული მხარდამჭერისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)