დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდის მიმდინარეობის შესახებ მე-8 ანგარიში გამოაქვეყნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.

3 თებერვალს გამოქვეყნებული დოკუმენტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და განხორციელებული ღონისძიებების მე-8 შემაჯამებელ ანალიზს მოიცავს და მასში 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით არსებული მონაცემებია წარმოდგენელი.

„სამოქალაქო საქართველო“ ანგარიშის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 2022 წლის 7 თებერვალს მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 1 325 838 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 1 106 221 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 15 246 კი – გარდაიცვალა.

ვირუსის სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მახასიათებლები

1 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდის 936 844 შემთხვევა იყო დადასტურებული (2020 წელს 228 410, 2021 წელს 708 434). ამასთან, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც დროის მოცემულ პერიოდში ავადობის სიხშირეს ზომავს, 2020 წელს 100 000 მოსახლეზე 6135.9, 2021 წელს კი – 19 000.

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 13 108 645 ტესტი ჩატარდა, რომელთაგანაც 5 883 013 PCR, 7 225 632 კი – ანტიგენის ტესტი იყო.

ქვეყნის მასშტაბით, 2020-2021 წლის განმავლობაში, ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 7.1% იყო, 2020 წელს დადებითობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 25.2% – ნოემბერში დაფიქსირდა, 2021 წელს კი – 9.9% – აგვისტოში.

2020 წელს, დადებითი შემთხვევების 42.8% მამაკაცებზე, 57.2% კი – ქალებზე მოდიოდა. 2021 წელს დადებითი შემთხვევების 43.9 მამაკაცი იყო, 56.1% კი – ქალი.

1 იანვრის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით 159 977 ბავშვი და მოზარდი იყო დაინფიცირებული (2020 წელს 23 554, 2021 წელს 135 426), რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ია. 2020 წელს, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებლი 10 000 ბავშვზე 253.7, 2021 წელს კი – 1469.7 იყო.

საანგარიშო პერიოდში კოვიდთან დაკავშირებული გარდაცვალების 13 860 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 52% მამაკაცი იყო, 48% კი – ქალი. ამასთან, გარდაცვლილთა 39.2% 70 წელზე ახალგაზრდა იყო, 31.7% 79 წელს ზემოთ, 29.3% კი – 70-79 ასაკობრივი ჯგუფის.

გარდაცვლილ პაციენტთა 50.2%-ს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, 25.9%-ს დიაბეტი, 5.6%-ს ონკოლოგიური დაავადება.

ლეტალური შემთხვევების 81.1%-ში დაავადება პნევმონიით იყო გართულებული.

პანდემიის პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე 143 პირი გარდაიცვალა, რაც სამედიცინო პერსონალში დადასტურებული შემთხვევების 0.4%-ია.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს 2015-2019 წლების სიკვდილიანობის საშუალო რაოდენობასთან შედარებით, 60 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფში ნამატი სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა, 60+ ასაკობრივ ჯგუფში კი – ამავე წლის ოქტომბერ-დეკემბერში გამოვლინდა.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს 2015-2019 წლების სიკვდილიანობის საშუალო რაოდენობასთან შედარებით, ნამატი სიკვდილიანობა 60 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფში აგვისტოს თვიდან დაფიქსირდა, 60+ ასაკობრი ჯგუფში კი – მთელი წლის განმავლობაში.

ვაქცინაცია

ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 1 291 830-მა მოქალაქემ მიიღო, სრულად 1 150 870 ადამიანი იყო აცრილი, ბუსტერით კი – 73 665.

ამასთან, „ფაიზერის“ ვაქცინით სრულად აცრილია 714 002 მოქალაქე, „სინოფარმით“ 400 840, „სინოვაკით“ 114 567, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით კი – 61 561 მოქალაქე.

ყველაზე მეტი აცრა – 47.5% – 60-79 ასაკობრი ჯგუფში ჩატარდა, შემდეგია- 40-59 ასაობრივი ჯგუფი 39.2%-ით. პროცენტულად ყველაზე მეტი აცრა – 48.9% – დედაქალაქში ჩატარდა.

ჩატარებული აცრებიდან გვერდითი ეფექტი 1 929 შემთხვევაში გამოვლინდა, რაც იმუნიზაციის პროცესის არასასურველი თანმდევი შედეგია (იშგამი) და არ არის აუცილებელი, რომ მას პირდაპირი კავშირი ჰქონდეს უშუალოდ ვაქცინასთან.

მათგან 206 შემთხვევა სერიოზულად შეფასდა, რომელთაგან 177 პაციენტს გადაუდებელი დახმარება დასჭირდა.

იშგამის სერიოზული – 77 შემთხვევა „სინოფარმით“ აცრის შემდეგ გამოვლინდა, 57 „ფაიზერით“ აცრისას, 38 „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციისას, 34 კი- სინოვაკით.

იშგამის შემთხვევებინდა 51 შიშთან იყო დაკავშირებული; 45 შემთხვევაში ვაქცინურ პროდუქტთან დაკავშირებული რეაქცია იყო; 34 შემთხვევა არათავსებად იმუნიზაციად კლასიფიცირდა; 20 შემთხვევა, როგორც გაურკვეველი, 1-ის კლასიფიცირება კი – ვერ მოხერხდა.

ამასთან, იმუნიზაციის შემდგომ განსაზღვრულ პერიოდში 7 ლეტალური შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 5 კლასიფიცირდა, როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი, 1 ჯერ არ განხილულა, 1-ის განხილვა კი – დოკუმენტაციის წარდგენამდე შეჩერებულია.

„ომიკრონის“ ტალღა

ანგარიშში ერთი ქვეთავი 2021 წლის 14 დეკემბრიდან 2022 წლის 23 იანვრის პერიოდსაც მოიცავს, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ შესახებ მონაცემებს აანალიზებს. ამ პერიოდში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1 532 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 900 უკვე გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, „ომიკრონის“ მოკვლეული 1 151 შემთხვევის საშუალო ასაკი 33.86 წელია, მინიმალური 3 თვე, მაქსიმალური კი – 87 წელი.

მოკვლეული შემთხვევების 88.96% (1 024) საქართველოს მოქალაქეა, მათგან 50% (576) სრულად არის აცრილი, 36.1% (415) არცერთი დოზა აქვს მიღებული.

მოკვლეული შემთხვევებიდან 38 ჰოსპიტალიზებული იყო, ლეტალურად დასრულდა 3.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)