სასამართლომ 5 ივლისს „რუსთავი 2-ის“ ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს, ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2-ის“ ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებული, 66 წლის უშანგი დათუნაშვილი წინასწარი პატიმრობიდან 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დათუნაშვილი სამართალდამცველებმა გასული წლის 21 ივლისს დააკავეს. გამოძიება მას ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას (154), დევნას (156) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას (225) ედავება.

„ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ბრალდებულის ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გირაოს შუამდგომლობის საფუძვლად ბრალდებულის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა დაასახელა.

ადვოკატის მტკიცებით, დათუნაშვილის მხრიდან ძალადობის დამადასტურებელი კადრებიც არ არსებობს. ამასთან, მისივე თქმით, დათუნაშვილის მიმართ პრეტენზიები არც თავად დაშავებულს ჰქონდა.

მანამდე, 22 დეკემბერს, საქალაქო სასამართლომ ასევე 5 ივლისის ძალადობისას ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი 5 000-5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.


2021 წლის 5 ივლისს ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა 5 ივლისის ძალადობის საქმეზე ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის 27. საგულისხმოა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია და ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია.

5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშამდე“ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა და ონლაინტელევიზია ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა მხარდამჭერებს ლგბტ თემის მხარდამჭერი დემონსტრაციის წინააღმდეგ შეკრებისკენ მოუწოდეს. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიაში წირვაზე მრევლი იხმო მართლმადიდებელმა ეკლესიამაც.

5 ივლისს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო კარვები ძალისმიერად დაშალეს.

ამის შემდეგ, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფი ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს.

მოძალადე ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ ოფისზე იერიში სწორედ ამ დროს მიიტანეს, მათვე „ღირსების მარშის“ თანაორგანიზატორი ორგანიზაციის, „მოძრაობა სირცხვილიას“ ოფისში შეჭრაც სცადეს. „ტელეკომპანია პირველის“ ოპარატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სწორედ აქ სცემეს, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში გარდაიცვალა. შსს-მ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაზე დაყრდნობით თქვა, რომ მისი „სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“.

აღსანიშნავია, რომ ძალადობის რისკების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ ჩატარება გონივრული არ იქნებოდა და რომ „თბილისი პრაიდის“ უკან „რადიკალური ოპოზიცია იდგა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)