მოსაზრება | თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის

ავტორი: პიტერ ვიბლერი, USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში


COVID-19-ის პანდემიისა და  წინასაარჩევნო და არჩევნების  მიმდინარეობისას შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო, გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რთულ ვითარებაში ჩატარდა.  მიუხედავად ამისა,  ამომრჩეველთა აქტივობა  თვითმმართველობის წინა არჩევნებზე მაღალი — 52% იყო. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს უფრო პასუხისმგებლიანი, დემოკრატიული მმართველობა ყველა დონეზე, როგორც ცენტრალურ მთავრობაში, ასევე — მუნიციპალურ დონეზე. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში 2024 წლამდე არჩევნები არ იგეგმება, მთავრობას საშუალება აქვს მეტი დრო დაუთმოს იმ რეფორმებს, რომლებიც გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას მთელ ქვეყანაში, მათ შორის, რეგიონებშიც. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილზე მოქალაქეების გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები მონაწილეობითი, მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიის პირობებს ჰქმნის და ზრდის ხალხის ნდობას ხელისუფლებისადმი.

წელს ამერიკა საქართველოსთან 30 წლის პარტნიორობას აღნიშნავს.  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აგრძელებს ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მდგრადი, დემოკრატიული და წარმატებული საზოგადოების შექმნას. საქართველოში მოგზაურობისას ვხვდები მასწავლებლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ახალგაზრდა აქტივისტებს თუ სხვებს და მათგან ხშირად ვისმენ, რომ საჭიროა გარკვეული პოლიტიკური საკითხების გადაჭრა. ასეთი საკითხებს შორის ჩამოთვლიან ხოლმე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპის ზრდას, ინფლაციის და უმუშევრობის შემცირებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, გამოიკვეთა საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამი საკითხი – სიღარიბე, ინფლაცია და სამუშაო ადგილები. ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართაც ერთნაირი პოზიცია აქვთ როგორც მმართველი პარტიის მხარდამჭერებს, ისე ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებსა და პოლიტიკურად მიუკერძოებელ მოქალაქეებს.

საქართველოს მოქალაქეები მესაუბრებიან ხოლმე ისეთ გრძელვადიან მიზნებზეც, როგორებიცაა ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია, სუფთა ენერგიისა და თანამედროვე ეკონომიკის განვითარება. მნიშვნელოვანია დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეს ეს ყველაფერი რეალობად. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი თემაა ქვეყნის მმართველობის საკითხიც.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მთავრობისადმი ნდობა საკმაოდ დაბალია. მაგალითად, ამომრჩეველთა მხოლოდ 39%-ს მიაჩნდა, რომ ისინი დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობენ, ხოლო 50% ასე არ მიიჩნევს. ეს მონაცემები საქართველოში პოლიტიკოსებისადმი დაბალი ნდობით აიხსნება, როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივ დონეზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 12% მიიჩნევს პარლამენტის საქმიანობას დადებითად, არც ადგილობრივი ხელისუფლების მიმართაა უკეთესი დამოკიდებულება. ამავე ორგანიზაციის მიერ 2021 წლის ივლისში ჩატარებული  გამოკითხვის თანახმად, თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 17%-მა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის 26%-მა მისცა დადებითი შეფასება ადგილობრივ საკრებულოს.

თვითმმართველობის დონეზე მუშაობა მოქალაქეთა ნდობის მოსაპოვებლად

ნდობის ნაკლებობა შეიძლება მოგვარდეს მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობით, როცა მოქალაქეების ხმას რეალური ძალა აქვს და საჯარო მოხელეები  ამომრჩევლების ნდობას იმსახურებენ. მოქალაქეთა უმეტესობა სწორედ ადგილობრივ დონეზე ურთიერთობს ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, როგორებიცაა სკოლები, სამართალდამცველი ორგანოები და სასამართლო, ჯანდაცვის სერვისები და საჯარო ინფრასტრუქტურა. აუცილებელია მთავრობა ანგარიშვალდებული იყოს საქართველოს მოსახლეობის მიმართ ადგილობრივ დონეზეც.

საქართველოს მთავრობას ამჟამად აქვს შესაძლებლობა ადგილობრივ ლიდერებს მეტი ფინანსური რესურსი და გადაწყვეტილების მიღების უფლება გადასცეს. საზოგადოების საჭიროებები სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება. მაგალითად, ლაგოდეხის მცხოვრებთა საჭიროებები განსხვავდება სენაკის მოსახლეობის საჭიროებებისგან. მეტი ფინანსური რესურსის ადგილობრივ დონეზე მიმართვას შეუძლია მოგვცეს თითოეულ თემზე უკეთ მორგებული საჯარო სერვისები და საზოგადოების თითოეულ წევრს მისცეს დემოკრატიულ პროცესებში ჩართვის საშუალება.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი მმართველობის რეფორმების განხორციელების მიზნით, USAID მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, ჩვენ მხარს ვუჭერთ 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ნაბიჯებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმ ხალხის გასაძლიერებლად, რომელიც ამ ხელისუფლებას ირჩევს.

თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობა

დეცენტრალიზაციის სტრატეგია შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობებს, უზრუნველყონ ის ფინანსური რესურსები, რომლებიც საჭიროა მოქალაქეთათვის. ფისკალური დეცენტრალიზაცია ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს ადგილობრივ დონეზე მეტი შემოსავლის მიღებას და ადგილობრივი მთავრობებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭებას, რათა თავად გაანაწილონ ხარჯები, რომლებიც ადგილობრივი საკითხების მოგვარებისთვის სჭირდებათ.

2019 წელს გატარდა რეფორმები, რომლებმაც საშუალება მისცა თითოეულ მუნიციპალიტეტს ქვეყნის დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილი მიეღო. მსგავსი შემოსავლის სტაბილურობა ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს,  საჯარო პროექტებისთვის საჭირო  გრძელვადიანი ბიუჯეტის დაგეგმოს. მეტიც, დღეისათვის, ადგილობრივ თვითმმართველობებს თავად შეუძლიათ საბიუჯეტო შემოსავლების ადგილობრივად გაზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე შეგროვებული გადასახედებით შეიძლება მოგვარდეს მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები.

საქართველოს შესაძლებლობა აქვს მეტ წარმატებას მიაღწიოს ამ მიმართულებით. მუნიციპალური ბიუჯეტების დაახლოებით 80% კვლავ ცენტრალური ხაზინადან მოდის. საქართველოს მთავრობასთან ჩვენი პარტნიორობა ითვალისწინებს ახალი ადგილობრივი შემოსავლების ნაკადების შექმნას, მათ შორის, მოსაკრებლებს, რომლებიც შეიძლება ადგილზე შეგროვდეს და პირდაპირ ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაიდოს.

გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და ეფექტიანობა ქმნის მოტივაციას

ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსების კარგი მენეჯმენტი ნებისმიერი კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიის აუცილებელი ნაწილია. როდესაც მთავრობები გამჭვირვალედ და  ანგარიშვალდებულად მართავენ ბიუჯეტს, გადასახადის გადამხდელებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ისინი მიიღებენ ისეთ საზოგადოებრივ სერვისებს, რომლებსაც იმსახურებენ. კვლევამ ცხადყო, რომ სახელმწიფო ფინანსების ძლიერი მართვა მთავრობებს საშუალებას მისცემს გაზარდონ სერვისები საგანგებო სიტუაციების დროსაც — მაგალითად, მყისიერი რეაგირება COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. ყველაფერი ეს ზრდის  ნდობას დემოკრატიული პროცესებისადმი და მოსახლეობის დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას.

მეტიც, როდესაც ბიზნესის მფლობელებმა და ინვესტორებმა იციან, რომ საქმე აქვთ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მთავრობასთან, ისინი უფრო მეტ ინვესტიციებს ჩადებენ, განსაკუთრებით საჯარო-კერძო პარტნიორობების სახით, რაც განაპირობებს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დეცენტრალიზირებული, ადგილობრივ დონეზე შემოსავლების შეგროვებისა და ხარჯვის სისტემები დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. სწორედ ეს მოსაზრება აისახა საქართველოს მთავრობის 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში.

USAID მხარს უჭერს საქართველოში დეცენტრალიზაციის განხორციელებას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიმუშავეთ მუნიციპალურ მთავრობებთან, რომელთაც საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებაში დავეხმარეთ. 2020-2021 წლებში ხელი შევუწყვეთ ასეთ პროცესს საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში — ახალციხეში, დედოფლისწყაროში, დუშეთში, გორში, ქობულეთში, ქუთაისში, ოზურგეთში, თელავსა და ზუგდიდში. შედეგად, ათივე მუნიციპალიტეტმა მიიღო გრანტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან. ამ გრანტებით დღეისათვის ფინანსდება ადგილობრივ დონეზე დაგეგმილი პროექტები, მათ შორის, საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემის დამონტაჟება, ახალგაზრდებისთვის საზოგადოებრივი სპორტული ობიექტების მშენებლობა და სხვა ინსფრასტრუქტურული პროექტები.

მმართველობა და არა პოლიტიზირება

როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტებშიც, საქმის სათანადოდ შესრულებისთვის საჭიროა თავისუფლება. საჯარო სამსახურის მოხელეები  პოლიტიკურ  და საარჩევნო ციკლის დროს წარმოშობილ პარტიულ პროცესებისადმი მიუკერძოებლები უნდა იყვნენ. საჯარო მოხელეებს არ უნდა ეხებოდეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. როდესაც ქვეყნის მმართველი ორგანოები უზრუნველყოფენ აპოლიტიკურ საჯარო სერვისებს, გაიზრდება მოქალაქეთა ნდობაც და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

უკვე წლებია, ეროვნულ დონეზე საჯარო სამსახურის რეფორმა ჩვენია პრიორიტეტია. დღესდღეობით, ვზრდით ჩვენს მხარდაჭერას ამ მიმართულებით ადგილობრივ დონეზეც. ამჟამად, USAID აფინანსებს ადგილობრივ მმართველობაზე პოლიტიკური გავლენის კვლევას, მათ შორის, საჯარო მოხელეების აყვანის, გათავისუფლებასა და დაწინაურების საკითხებს. გარდა ამ სფეროში კვლევების დაფინანსებისა, ჩვენ გავაძლიერებთ ადგილობრივი ორგანიზაციების შესაძლებლობებს, რომლებიც აქტივობების მონიტორინგისა და მომავალში დარღვევების გამოვლენას შეძლებენ.

საქართველოს საჯარო მოხელეების უფლებამოსილების გაძლიერება გულისხმობს მათთვის ისეთი უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საჯარო სერვისების მიწოდებისთვის, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის. საჯარო სამსახურის რეფორმის საკითხებში საჯარო სამსახურის ბიუროსთან ხანგრძლივი პარტნიორობის გარდა, ჩვენ წამოვიწყეთ ერთობლივი ინიციატივა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლასთან, რომლის ფარგლებშიც გადამზადდებიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საჯარო მოხელეები კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან.

სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის საჯარო მოხელეების გაძლიერება მნიშვნელოვნად გაამყარებს დემოკრატიას საქართველოში. მაგალითად, შეიქმნება მეტი შესაძლებლობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ნიჭიერი პროფესიონალებისთვის;  საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს, განსაკუთრებით ნაკლებად წარმოდგენილი ტერიტორიებიდან, მიეცემათ საშუალება ისარგებლონ ადგილობრივი მმართველობის რეფორმის სიკეთეებით; გაიზრდება ნდობა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებსა და მთავრობას შორის, რაც კრიტიკულია, რათა ქვეყანა დავიცვათ მავნე გარე ზეგავლენისგან, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს ქვეყნის საზოგადოებრივი მთლიანობა და დემოკრატიული განვითარება.

ადგილობრივ მმართველობის როლი ქართულ პოლიტიკაში

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას აძლევს გააძლიეროს კავშირები მოქალაქეებსა და სახელწიფო მოხელეებს შორის, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიულ განვითარებას მუნიციპალურ დონეზე. ეს ხელს შეუწყობს იმ საერთაშორისო მისწრაფებების მიღწევას, რომლებსაც ქართველი ხალხი მუდმივად გამოხატავს. ახლა, როდესაც ქვეყანამ დაასრულა 2020-2021 წლების საარჩევნო ციკლები, USAID გააგრძელებს და გააღრმავებს საქართველოს ხალხისა და მთავრობის მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მმართველობის რეფორმის განვითარებას.

This post is also available in: English (ინგლისური)