ინალ არძინბა მოსკოვს სტუმრობს
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ინალ არძინბა მოსკოვს სტუმრობს, სადაც იგი დღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსეთის გაეროს ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსეი ბორისოვს შეხვდა.
აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, არძინბამ ბორისოვს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის სახელზე მომზადებული მიმართვა გადასცა, სადაც ის მოუწოდებს გენერალურ მდივანს აფხაზეთს გაეროში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს, რაც ოკუპირებულ რეგიონს გაეროს გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის უფლებას მისცემს.
არძინბამ ხაზი გაუსვა, რომ გაეროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა „მცირე და დიდი ერების უფლებების თანასწორობის უზრუნველყოფაა“.
ამავე ინფორმაციით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთში გაზაფხულზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე ფორუმი გამართონ.
არძინბა, რომელიც მოსკოვში 8 თებერვალს გაემგზავრა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
ამჟამად, გაეროში არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით მხოლოდ წმინდა საყდარი და პალესტინა სარგებლობენ.
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, სირიამ, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარეს. თბილისი და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ორივე რეგიონს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ.
თბილისი „პროპაგანდისტულ ნაბიჯს“ აკრიტიკებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა დაგმო გაეროში აფხაზეთისთვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშრებით, ინალ არძინბას „მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი“.
ნარჩემაშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ „დამოუკიდებელი სუბიექტის იმიჯის განმტკიცებისთვის“, საოკუპაციო რეჟიმებს მსგავსი მცდელობა ადრეც არაერთხელ ჰქონიათ.
„საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას.
შენიშვნა: მასალა 2022 წლის 10 თებერვალს, 14:25 სთ-ზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხის შესაბამისად განახლდა.
ასევე წაიკითხეთ:
- სოხუმი ქართულ-აფხაზურ დიალოგზე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამას აკრიტიკებს
- სოხუმი უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებზე წინასწარ შეთანხმებას ითხოვს
- კრემლის ყოფილი თანამშრომელი აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრად“ დანიშნეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)