შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 14-თვიან ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის.

ნათელაშვილმა, რომელიც პარტიის ერთადერთი არჩეული დეპუტატია, განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა სოციალურ ქსელებში გამოკითხვა, სადაც „მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში დაბრუნება“.

უნდა აღინიშნოს, რომ 15 თებერვლის სხდომაზე პარლამენტი ნათელაშვილისთვის მანდატის შეჩერებას უყრის კენჭს მას შემდეგ, რაც საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის ერთი სასესიო სეზონის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს. თუმცა, იგივე რეგლამენტი აღნიშნავს, რომ ბოიკოტი საპატიო მიზეზად ჩაითვლება, თუ დეპუტატი ოფიციალურად აცნობებს საკანონმდებლო ორგანოს ამის თაობაზე.

„დედამიწაზე არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი გამოცდილებით და პრაქტიკით, პოლიტიკური ბოიკოტი არ შეიძლება მიჩნეული იყოს არასაპატიო რამის გაცდენად“, – განაცხადა ნათელაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ ოფიციალური განაცხადი ბოიკოტის თაობაზე არ წარუდგენია.

მისი თქმით, პარლამენტმა 17 ივლისს უარი უთხრა უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიუხედავად იმისა, რომ იგი საგაზაფხულო სესიის სხდომებს არ დასწრებია. „რა შეიცვალა დღემდე? ახლა არ არის საპატიო [სხდომებზე დაუსწრებლობა]?“ – აღნიშნა ნათელაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დღეს განაცხადეს, რომ ნათელაშვილის შემთხვევაში, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება ჩაითვალოს ბოიკოტის გამოცხადებად და ამიტომ, პარლამენტს მოუწოდეს, რომ მას მანდატი არ შეუწყვიტონ.

ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 1% მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში ერთი ადგილი მოიპოვა. თუმცა, ნათელაშვილმა, სხვა რვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ბოიკოტი პირველივე ტურის შემდეგ გამოაცხადა და ამის მიზეზად არჩევნების „გაყალბებული“ შედეგები დაასახელა.

17 მარტს ნათელაშვილმა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დატოვა. მაშინ მან განმარტა, რომ მისთვის შესათანხმებელ საკითხებში საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხისთვის პრიორიტეტის მინიჭება გახდა მიუღებელი. მანვე აღნიშნა, რომ „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ბოლო პუნქტებად არის გაწერილი, ისიც „ბუნდოვნად“.

დღეის მდგომარეობით, ნათელაშვილის ჩათვლით, 60 არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატიდან 59-მა მიიღო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება. პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ევროპული საქართველოს პარტიული სიით აირჩიეს, ერთადერთი დეპუტატია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე კვლავ უარს აცხადებს.

მომდევნო სასესიო კვირას პარლამენტი შალვა ნათელაშვილთან, ელენე ხოშტარიასთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, კახა კუჭავას მანდატის გაუქმებაზეც იმსჯელებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)