პრემიერმა უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 11 თებერვალს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად 46 წლის გივი თუმანიშვილი დანიშნა.
პოსტი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც 2021 წლის თებერვალში, აპარატის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაინაცვლა. მის მოვალეობას საბჭოს შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი, სერგო თურმანიძე ასრულებდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან დღემდე დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის უფროსი იყო. უფრო ადრე, იგი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
უსაფრთხოების საბჭოს შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, ეროვნული უშიშროების საბჭომ, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, მუშაობა შეწყვიტა.
უსაფრთხოების საბჭო რვაწევრიანი სათათბირო ორგანოა, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. მის მუდმივ წევრებს შორის არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანასთა მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.
საბჭოს აპარატი ოთხი – შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა, თავდაცვის საკითხთა, ადმინისტრაციული და კრიზისული ვითარების მართვის – ეროვნული დეპარტამენტისგან შედგება. საბჭოს აპარატში უფროსისა და მისი მოადგილის ჩათვლით, სულ 46 ადამიანია დასაქმებული.
2020 წლის თებერვლიდან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი შს მინისტრი ვახტანგ გომელაურია.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)