აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ მოსკოვში ვიზიტს განაგრძობს
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ინალ არძინბა, რომელმაც მოსკოვში ვიზიტი 8 თებერვალს დაიწყო, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანს, დმიტრი მეზენცევსა და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიმაკოვს შეხვდა.
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, 10 თებერვალს მეზენცევთან შეხვედრაზე, მხარეებმა „პოსტ-საბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესები“ განიხილეს და ჰუმანიტარული, ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაფართოების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დსთ-ს საქმეთა, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფედერალური სააგენტოს, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელთან, ევგენი პრიმაკოვთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვნად გაზარდონ ერთობლივი საქმიანობები, გააფართოვონ აფხაზეთში ახალგაზრდობის მხარდაჭერა და საერთო საინფორმაციო პროექტები განახორციელონ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მოსკოვსა და სოხუმს შორის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე და რუსეთის უნივერსიტეტებში აფხაზი ახალგაზრდების სწავლის, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები განიხილეს.
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ინფორმაციით, მხარეები აფხაზეთში სააგენტოს მუშაობის პერსპექტივებსაც შეეხნენ.
აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ დღეს ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში, ოკუპირებული რეგიონის „საელჩოში“ ახალგაზრდობის მხარდაჭერის ცენტრი – „აფხაზეთის მომავალი“ გაიხსნა.
ცენტრის კოორდინატორად მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის აფხაზი სტუდენტი, ედგარ გვაზავა დაინიშნა.
არძინბამ ცენტრის მუშაობის საკითხი რუსული უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან განიხილა.
ასევე წაიკითხეთ:
- ინალ არძინბა მოსკოვს სტუმრობს
- სოხუმი ქართულ-აფხაზურ დიალოგზე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამას აკრიტიკებს
- სოხუმი უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებზე წინასწარ შეთანხმებას ითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)