პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩია
საქართველოს პარლამენტმა 15 თებერვალს 84 ხმით 2 წინააღმდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 6 თვის ვადით კვლავ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. მის მეტოქეს, თენგიზ თევზაძეს კი – მხოლოდ 18 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 30 იყო.
გიორგი კალანდარიშვილმა დეპუტატების ხმების 2/3-ის მიღება ვერ შეძლო, რაც მას პოსტზე მსახურობის 5-წლიან შესაძლებლობას მისცემდა.
დღესვე, პარლამენტმა ასევე 6 თვის ვადით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე 80 ხმით მაია ზარიძე, 78 ხმით კი – გია ცაცაშვილი აირჩია.
ცესკოს წევრობის კიდევ ორი კანდიდატიდან ერთმა – ქრისტინე ქაჯაიამ 2 ხმა, ლევან ისაკაძემ კი – 0 ხმა მიიღო.
კალანდარიშვილს ცესკოს თავმჯდომარის პოსტი 6 თვით 2021 წლის აგვისტოდან ეკავა. ოპოზიციის მხარდაჭერის მოპოვება და შესაბამისად, კვალიფიციური უმრავლესობის მიღება მან ვერც მაშინ შეძლო.
პარლამენტის რეგლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის მოთხოვნა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შევიდა. თუმცა, მოგვიანებით, ქართულმა ოცნებამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მექანიზმში ცვლილებები შეიტანა და ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დაუყოვნებლივ არჩევა უბრალო უმრავლესობით, ექვსი თვის ვადით გახდა შესაძლებელი.
თუმცა, 17 დეკემბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა გააუქმეს იმ მექანიზმის ნაწილი, რომელიც კანდიდატებზე ოთხ განმეორებით კენჭისყრას შორის ოთხკვირიან ვადას და შესაბამისად ოთხთვიან პროცესს ითვალისწინებდა.
დეკემბრის ცვლილებებით, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, თუ 150-წევრიანი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს ან მის წევრებს ხმების 2/3-ით ვერ აირჩევს, თავმჯდომარის უბრალო უმრავლესობით ექვსი თვის ვადით არჩევა უკვე მეორე მოსმენაზე იქნება შესაძლებელი.
2 აპრილს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები ჩატარდება. ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ბათუმში კი – საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)