პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოების უფროსები შეარჩია
საქართველოს პარლამენტმა 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ შექმნილ სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოების უფროსებად 6-6 წლის ვადით კარლო კაციტაძე და ლელა ჯანაშვილი შეარჩია.
ორი ახალი სააგენტო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაანაცვლებს, რომელიც სანამ დეკემბერში ქართული ოცნება მის გაუქმებას გადაწყვეტდა, ორივე ოფლებამოსილებას აერთიანებდა.
კარლო კაციტაძეს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა წინააღმდეგი 1 იყო, ლელა ჯანაშვილმა კი – 77 ხმა მიიღო, 2-ის წინააღმდეგ.
მათმა კონკურენტებმა – ემზარ გაგნიძემ და თამარ ალფაიძემ მხოლოდ 6 და 4 დეპუტატის მხარდაჭერა მოაგროვეს.
35 წლის კარლო კაციტაძე მანამდე საქართველოს პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი იყო.
რაც შეეხება, 51 წლის ლელა ჯანაშვილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად შეარჩია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. ჯანაშვილს ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხი აქვს.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი იმ ფონზე წარიმართა, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ქართული ოცნების მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ფუნქციონირებას 2022 წლის მარტიდან შეწყვეტს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ქართული ოცნების განზრახვაზე ცნობები მედიაში გასული წლის 24 დეკემბერს გავრცელდა, რასაც დასავლელი პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოების, ქვეყნის პრეზიდენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
შედეგად ქართულმა ოცნებამ უკან დაიხია და ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების, გარდა თავად ინსპექტორისა და მისი მოადგილეებისა, სანაცვლოდ შექმნილ ორ ახალ უწყებაში გადანაწილება შესთავაზა.
ქართული ოცნების დეპუტატებმა ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე სამი მოსმენით მიიღეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო არ დაადო და ცვლილებებს ხელი 13 იანვარს მოაწერა.
ასევე წაიკითხეთ:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების უფროსების კანდიდატურები შეარჩიეს
- ლონდა თოლორაიამ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
- გაერო: ინსპექტორის სამსახურის გაუქმება „შემაშინებელი გზავნილია“ სხვა სტრუქტურებისთვის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)