მარიამ ბერიანიძე – საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი მუშა
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 15 მარტი, N18
მარიამ ბერიანიძე
რომელი დარგი ჩვენი ცხოვრების არ დააობლა შემოსეულმა უბედურებამ, რომელ წრეს არ მოსტაცა საუკეთესო და უსაყვარლესი მზრუნველი და თანამშრომელი: მაგრამ განსაკუთრებითი რისხვა მოღალატე კომუნისტების ქართველ მუშებს და გლეხებს დააწვა კისერზე.
მოწინავე მუშები – შეიქნა მთავარი საგანი მათი დევნის, და შეგნებული ადამიანი – მთავარი მტერი, რომლის განადგურება ამ სიბნელის და რეაქციის მოციქულებს თითქოს „რევოლიუციურ“ მოვალეობათ გაუხდათ.
და ამ უხეში, ულმობელი ბრძოლის მსხვერპლი შეიქმნა მარიამ [მაშო] ბერიანიძე.
ვინ იყო მარიამი?
უბრალო მუშა ქალი, პაპიროსების მკეთებელი, იმ ქარხნების [ეფიანჯიანცის] შვილი და შეზრდილი, სადაც პირველათ ჩაისახა ჩვენში პროლეტარ ქალთა შრომა მრეწველობის სფეროში. იმ ქარხნებში გამოზრდილი, სადაც ჩვენი დები ლევენ თავის სიახალგაზრდავეს, და იბნელებენ მკვირცხლ, ცოცხალ თვალებს, რომ თავი ირჩინონ, ლუკმა პური მოიპოვონ. პირველ მუშა-ქალთა პიონერი, ყველასგან საყვარელი მარიამ ბერიანიძე ადრევე ჩადგა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის რაზმში და 20-25 წელიწადი იდგა მუშათა სადარაჯოზე, საიდანაც თავგანწირვით ემსახურებოდა თავის დების გონებრივ განვითარებას, კლასობრივ გათვიცნობიერებას, თვით ღარიბი ოჯახისშვილი, ძლივს წერა-კითხვის მცოდნე, იგი ცოდნის წყურვილით გატაცებული, სხვებშიაც ანთებს განვითარების სურვილის ცეცხლს და იკრებს თავის გარშემო პროლეტარ ქალთა სიმპატიას და სიყვარულს. თფილისის მუშებმა იციან მისი მუდამ გაბედული სახე, ოდნავ მომღიმარი ტუჩები, რომელზედაც მძიმე შრომის მძიმე ბეჭედიც გამოსჭვივოდა. მაგრამ მარიამი არასოდეს არ უნახავთ გულ-გატეხილი. იგი მუშაობდა და სწამდა, რომ საბოლოო გამარჯვება მშრომელ ხალხთა იდეალების უზრუნველყოფილი იყო ცხოვრების უძლეველი კანონებით.
და მარიამი ამიტომ მიღებული იყო ყველა მუშისაგან. მას დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ ყველა მოწინავე ამხანაგები, მას ირჩევდნენ მუდამ საპასუხისმგებლო პოსტზე მისი თანამომუშავე პროლეტარი ქალები. 1905 წელს პირველი რევოლუციის დროს, იგი უკვე გამოჩენილი მომუშავე იყო, ხოლო 1917 წელში ჩვენ მას ვხედავთ მუშათა საბჭოში და მის აღმასრულებელ კომიტეტში.
და განა ეს საკმარისი იყომ რომ შავ-წითელ ბოლშევიკებს იგი თავის მოსისხლე მტრათ დაესახათ? განა საკმარისი არ იყო, რომ ეს თავდადებული ადამიანი მარქსიზმის სწორ გზას მიყვებოდა, და კომუნისტთა უტოპიებს არ იზიარებდა, რომ იგი ჩეკას ჯალათებს ციხეში მოეთავსებიათ?
დიახ, ის დაიჭირეს… შემდეგ მეტეხი… შიმშილი… უსუფთაობა, სნეულება, ტიფი, სიკვდილი… იძიეს შური ბნელეთის მოციქულებმა პირნათელ ადამიანზე.
„მუშათა კლასის სახელით“ ბოროტმოქმედებმა ჩაკლეს მუშათა წრის საუკეთესო წარმომადგელნელთაგანი.
მაგრამ ისტორია ამ მსხვერპლს სულ სხვა შედეგს უმზადებს, მუშათა კლასი მას გულში ჩაიკრავს, როგორც თავის ძვირფას მოწინავე ამხანაგს, ხოლო მისი სიცოცხლის მომშხამველთ – ზიზღით მოიხსენიებს. მისი ამხანაგები – მის ადგილს ერთი ასად გააფთრებული შეებრძოლებიან და დაუნდობელ რეჟიმს, რომელმაც ასე ძვირფასი განძი მოსტაცა ხელიდან თფილისის მუშათა კლასს საერთოთ და თფილისის პროლეტარ ქალთა მოძრაობას კერძოთ.
გემშვიდობებით ამხანაგო მარიამ, მაგრამ შენს სახელს გულიდან არ მოვიშორებთ შენს საქმეს დაუგვირგვინებლათ არ დავსტოვებთ. თფილისის პროლეტარი ქალები – გგლოვობენ და თან შე სახელს ფიცულობენ… მშვიდობით.
[მარიამ ბერიანიძე 1875 წელს დაიბადა გლეხის ოჯახში. პოლიტიკური აქტიურობის გამო რუსეთის საიმპერიო რეჟიმის მიერ არაერთხელ იყო დაპატიმრებული. 1918-1921 წლებში აქტიურად მუშაობდა პარტიასა და პროფკავშირულ გაერთიანებებში. 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით კენჭს იყრიდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში. გარდაიცვალა 1922 წლის თებერვლის დასაწყისში მეტეხის ციხეში. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].