ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს
ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც გუშინ ქართულმა ოცნებამ დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა, 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.
ბადრი ჯაფარიძემ 15 თებერვალს ქართული ოცნება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება მმართველი პარტიის „დესტრუქციულ ქმედებაზე“ პასუხია.
მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მის კანდიდატურას მხარდა დაუჭერს, რათა გაიხსნას „ერთიანი ფრონტი… იმ მნიშვნელოვანი განსხვავების [და] დინამიკის, რომელ[თ]აც, საბოლოო ჯამში, უნდა მოგვიტანოს ამ ქვეყანაში რეალური დემოკრატიული ცვლილებები“.
რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ ოპოზიციურ პარტიებს. მათი თქმით, ამისათვის შიდაპარტიული მსჯელობა უნდა გაიმართოს.
გუშინ, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ლელოს კანდიდატის მხარდაჭერაზე პარტია იმსჯელებს, მაგრამ „დიდწილად ბადრი ჯაფარიძე დაიმსახურებს, რომ ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა რუსთავში“.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელის, ანა ბუჩუკურის თქმით, პარტია საქართველოსთვის საკუთარ კანდიდატურას არ აყენებს და „ამ ეტაპზე“, არც რომელიმე სხვა კანდიდატურის მხარდაჭერას განიხილავს. „თუმცა, არჩევნებამდე დრო არის კიდევ და დაველოდოთ“, – დასძინა მანვე.
პარტია მოქალაქეების დეპუტატმა და ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ ისინი რუსთავში საკუთარი კანდიდატის დასახელებას გეგმავენ.
ქართული ოცნების დეპუტატმა და ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, სასამართლოს მიერ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაიხსენა და თქვა, რომ რუსთაველებმა იციან „რა არის თაღლითობა“ და „რატომ არ შეიძლება ასეთი განაჩენის მქონე ადამიანი იმყოფებოდეს პარლამენტში“.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი პარლამენტში მას შემდეგ გამოთავისუფლდა, რაც ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა.
საგულისხმოა, რომ რუსთავის საკრებულოში ერთპარტიული უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ძალას აქვს. ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16-16 დეპუტატი ჰყავთ, პარტია საქართველოსთვის კი – 3. 31 იანვარს, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, ოპოზიციამ გიორგი გახარიას თანაგუნდელი, ნოდარ შეროზია აირჩია.
ასევე წაიკითხეთ:
- ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და კახა კუჭავას დეპუტატის მანდატები შეუწყვიტეს
- ქართულმა ოცნებამ რუსთავისა და ბათუმის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა
- სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი გაამტყუნა, თუმცა მათ არ დაიჭერენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)