საქართველო გმობს რუსეთის დუმის მიმართვას უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარებაზე
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს დაგმო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ვლადიმირ პუტინისადმი რუსეთის დუმის 15 თებერვლის მიმართვა.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის დუმის მიმართვა „განსაკუთრებით შემაშფოთებელი“ და „კატეგორიულად მიუღებელია“ და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ „უკრაინის განუყოფელი ნაწილების“ აღიარება „კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც არსებულ მძიმე სიტუაციას და სრულიად საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც არის უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“.
უკრაინის საელჩოში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ერთობის დღისადმი“ მიძღვნილ მიღებაზე, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გამოხატა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან „მასშტაბური სამხედრო მობილიზაციის“ გამო.
„სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოსცადა 2008 წელს რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, – თქვა მანვე და დასძინა, რომ „დღეს იგივე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა“.
დავით ზალკალიანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ უგულებელყოფს „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, რაც საფრთხეს უქმნის „მთლიანად ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა[ს]“.
მიანიშნა რა, რუსეთი ნატოსგან ითხოვს, რომ უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირება, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „არავის აქვს უფლება აუკრძალოს სუვერენულ დამოუკიდებელ ქვეყნებს თვითონვე აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები“.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად გააგრძელებს „სხვლას ჩვენი ისტორიული დამსახურებული არჩევნის მისაღწევად“.
„კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა მანვე და დასძინა, რომ „ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლებისთვის და მისთვის ბრძოლის ფასი“.
მიღებას, რომელსაც საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი მასპინძლობდა, ასევე ესწრებოდნენ, ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე; პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს, ასევე უკრაინული დიასპორის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
„უკრაინა გრძნობს და აფასებს ჩვენი ქართველი მეგობრების სოლიდარობას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ზალკალიანის საპასუხოდ.
„ორივე მამაცმა ერთმა ძალიან კარგად იცის, რომ თავისუფლება უფასოდ არ მოდის“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „მნიშვნელოვანია ამ საერთო ბრძოლაში უკრაინასა და საქართველოს ერთმანეთის მხარდაჭერა ჰქონდეთ“.
ასევე წაიკითხეთ:
- კიევი მიესალმება უკრაინის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას
- პარლამენტმა „რუსული აგრესიის“ ხსენების გარეშე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
- დავით ზალკალიანმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)