რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

კიდევ ერთმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ანდრეი დავიდოვმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში არ შემოუშვეს და არც უარის მიზეზები განუმარტეს.

15 თებერვალს დავიდოვმა Twitter-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაა „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“.

დავიდოვის თქმით, მას კანონი არ დაურღვევია და მისთვის შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება „ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვარაუდით, მოსკოვმა თბილისს იმ ადამიანთა სია მიაწოდა, რომელთა საქართველოში ჩასვლაც „არასასურველად“ მიაჩნია.

დავიდოვმა აღნიშნა, რომ როდესაც მესაზღვრეებმა სისტემაში მისი მონაცემები შეამოწმეს, რაღაც შეტყობინება მიიღეს და თბილისთან დაკავშირება დაიწყეს. „სწორედ იქ მიიღეს გადაწყვეტილება“, – დასძინა მან.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის სხვა მოქალაქეებმა საზღვარი შეფერხების გარეშე გადაკვეთეს.

დავიდოვმა არ დააკონკრეტა, თუ საიდან ცდილობდა საქართველოში შემოსვლას.

„სამოქალაქო საქართველო“ 16 თებერვალს კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

დავიდოვამდე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი კიდევ რამდენიმე რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს უთხრეს, მათ შორის, იგორ ეფრემოვს, დმიტრი გუდკოვს და ლიუბოვ სობოლს.

დავიდოვი წარსულში, სახელმწიფო დუმის იმდროინდელ წევრთან, დმიტრი გუდკოვთან და მამამისთან, გენადი გუდკოვთან ერთად მწვანეთა და სოციალ-დემოკრატების ალიანსის წევრი იყო. დავიდოვის ამჟამინდელი კავშირები ამ ეტაპისთვის „სამოქალაქო საქართველომ“ ვერ დაადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)