საქართველო ევროპარლამენტის რეზოლუციაში 

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც 17 თებერვლით თარიღდება, იმეორებს, რომ საქართველოსა და უკრაინას ევროპული პერსპექტივა აქვთ.

ევროპარლამენტმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისსა და კიევს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, თუკი ისინი დააკმაყოფილებენ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებას, და ადამიანთა და უმცირესობათა უფლებებს და დაიცავენ კანონის უზენაესობას.

2021 წლის ანგარიში მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა, რომელიც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და მათ შიდა რეფორმების განხორციელების გაგრძელებისკენ უბიძგებს“.

დოკუმენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, განსაკუთრებით კი – მათი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე პატივისცემას გამოხატავს ხალხის ნების მიმართ, რომ თავად, გარეშე ჩარევის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ მომავალსა და საგარეო პოლიტიკაზე.

ევროპარლამენტი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირის პირობითობისა და დიფერენციაციის პრინციპებს, მათ შორის სტიმულირების მექანიზმებს.

რეზოლუციაში ევროპარლამენტმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – ოკუპაცია.

ამ კონტექსტში ევროკავშირმა რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება შეახსენა და რუსეთს კონსტრუქციული ქმედებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის მიღწევისკენ მოუწოდა.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ადამიანთა უფლებების დარღვევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მოსკოვს, როგორც რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას კანონიერი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, როგორც ეს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დავაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაშია (II) მითითებული.

ევროპარლამენტმა ასევე დაგმო „საოკუპაციო ძალების პროვოკაციები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებები, მკვლელობები, უკანონო დაკავებები და მიმდინარე ბორდერიზაცია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)