საქართველო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში
ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ ევროპარლამენტის 17 თებერვლის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, სხვა ფაქტორებთან ერთად, პირდაპირ და არაპირდაპირ საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას.
რეზოლუცია გმობს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო მობილიზაციას, ასევე მოსკოვის მოთხოვნას შეაჩეროს ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და „ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა „გავლენის სფეროების“ მოძველებულ იდეაზე დაყრდნობით შეცვალოს“.
თითოეულ დემოკრატიულ სახელმწიფოს თავად შეუძლია აირჩიოს ალიანსები, ხაზს უსვამს რეზოლუცია და ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინისა და საქართველოს პროდასავლური მისწრაფებების, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.
ამასთან, ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას და მილიტარიზაციას საერთაშორისო სამართლის დარღვევით, რაც რეზოლუციის თანახმად, „სერიოზულ საფრთხეს უქმნის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს და მთლიანად ევროპას“.
რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში „უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუარესების“, ასევე რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების გამო, რაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას იწვევს“.
რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირს უზრუნველყოს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების ზომები სათანადოდ აისახოს ბლოკის „სტრატეგიულ კომპასში“. ასევე, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან უსაფრთხოების, სამხედრო, დაზვერვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობისთვის გაზრდილი ინვესტიციებისა და დახმარების სქემა განისაზღვროს.
ევროპარლამენტმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შედეგები და მისი მანდატი ორი წლით გაახანგრძლივა.
ამ კუთხით, მან მოუწოდა რუსეთს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უზრუნველყოს მისიის დამკვირვებლების შეშვება. რეზოლუციამ შეშფოთება გამოხატა მისიის წინააღმდეგ განხორციელებული დეზინფორმაციული კამპანიების გამო და მისი მონიტორინგის, ანალიზისა და სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
ევროპარლამენტმა აღიარა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წვლილი ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებსა და ოპერაციებში და ამ „ღირებულ პარტნიორებთან“ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში უფრო ახლო თანამშრომლობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის მედიის „დეზინფორმაციას“ უარყოფს
- ევროკავშირი ცხინვალსა და მოსკოვს გამშვები პუნქტების გახსნისაკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)