თბილისის „პროვოკაციების“ საბაბით ცხინვალი საბრძოლო მზადყოფნას ამოწმებს
თბილისის მხრიდან შესაძლო „პროვოკაციების“ ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა „თავდაცვის მინისტრს“ იბრაგიმ გასეევს შეიარაღების და „თავდაცვის სამინისტროს“ პერსონალის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაავალა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
ბიბილოვის თქმით, შემოწმების საჭიროება უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციამ განაპირობა. მან 16 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ თბილისი, „შესაძლოა, ამ ფრონტზე პროვოკაციების განხორციელებას შეეცადოს“.
მაშინ, როდესაც გასეევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან, ბიბილოვმა 24 თებერვალი მათი ოფიციალური შემოწმების დღედ გამოაცხადა, რისი მიზანიც საზოგადოების ინფორმირებაა იმის თაობაზე არიან, თუ არა შეიარაღებული ძალები მზად პროკოკაციებისთვის და აგრესიის მოსაგერიებლად.
ცხინვალის რეგიონის სამხედრო პოტენციალის შესახებ მწირი ინფორმაციის ფონზე, რუსული მედია იტყობინება, რომ ცხინვალს დაახლოებით 1 200 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.
თბილისი აცხადებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე სამხედრო წვრთნები მათ, განსაკუთრებით, სამხრეთ ოსეთს, თავისი 20 000-იანი მოსახლეობით, რუსეთის გაფართოებულ სამხედრო ბაზად აქცევს.
მოსკოვთან 2017 წელს გაფორმებული სამხედრო შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსეთის ძალები რუსეთის სამხედრო სარდლობასთან არის ინტეგრირებული. ცხინვალის შენაერთების ნაწილი რეგიონში მდებარე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაშია, ხოლო დარჩენილი ძალების რაოდენობა კრემლთანაა შეთანხმებული.
საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება რეგიონში 10 აპრილს დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ უძღვის წინ.
ბიბილოვმა, რომელიც ხელახლა იყრის კენჭს რეგიონის ლიდერად, თავისი კონკურენტი, თავდაცვის მინისტრი, გასეევი საარჩევნო კამპანიის მიზეზით მთავრობის სხდომის გაცდენის გამო გააკრიტიკა. „არჩევნები არჩევნებია და მუშაობა მუშაობაა“, – იტყობინება „ეხო კავკაზა“ ბიბილოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
ქართველი ექსპერტების გამოხმაურება
„სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბრისას ქართველმა ექსპერტებმა ბიბილოვის განკარგულება მოახლოებული არჩევნების წინ პიარნაბიჯად შეაფასეს. თუმცა, უკრაინის გარშემო რუსეთის მობილიზაციისა და დაძაბულობის ზრდის გათვალისწინებით, მათ თბილისს სიფხიზლისკენ მოუწოდეს.
შერიგების საკითხებში ყოფილმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ბიბილოვის გადაწყვეტილებას „ტრივიალური“ მიზეზი აქვს და ის კენჭისყრის თაობაზე გასეევის მოულოდნელი გადაწყვეტილების საპასუხოდ გაკეთდა.
ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ცხინვალის ლიდერი გაბრაზებულია იმის გამო, რომ „თავდაცვის მინისტრი“ კონკურენტად მოევლინა, ნაცვლად იმისა, რომ „ჯარს მიხედოს“ და სწორედ ამიტომ გასცა საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ბრძანება.
ზაქარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „შეიძლება ამ ტრივიალური მიზეზის უკან იმალებოდეს სერიოზული მზადყოფნის ღონისძიებები“, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები, შესაძლოა, სერიოზულ სამხედრო მანევრს გეგმავდეს ოკუპირებულ რეგიონში.
ყოფილ თავდაცვის მინისტრს, თინათინ ხიდაშელს ასევე მიაჩნია, რომ ბიბილოვის ბრძანება, შესაძლოა, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს და იგი ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს ლიდერად, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
აღნიშნა რა, რომ ეს ნაბიჯი თბილისისთვის საგანგაშო არ არის, ხიდაშელმა განაცხადა, რომ ბიბილოვის შემდეგი ნაბიჯი, შესაძლოა, მოსკოვისთვის გაფართოებული თავდაცვის მექანიზმების თხოვნა გახდეს, რაც, შესაძლოა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ პროვოკაციად ჩაითვალოს.
„სამოქალაქო საქართველო“ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებსა დაუკავშირდა და მათ კომენტარებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)