სოხუმმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ოკუპირებული აფხაზეთის „დეპუტატებმა“ დღეს რეგიონის 2022 წლის ბიუჯეტი მიიღეს, რომლის შემოსვლებიც 9.43 მლრდ რუბლს (122.9 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ხარჯები 9.98 მლრდ რუბლს (130.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. საბიუჯეტო დეფიციტი 554.2 მლნ რუბლით (7.22 მლნ აშშ დოლარი) განისაზღვრა.
რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი გამოცემის, „ეხო კავკაზას“ ცნობით, შემოსავლებში ასევე გათვალისწინებულია ფინანსური დახმარება სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის 4.38 მლრდ რუბლის (57 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით, ასევე დამატებით 1.35 მლრდ რუბლი (17.6 მლნ აშშ დოლარი), რომელიც 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო.
თუმცა, ბიუჯეტის დამტკიცებამდე, „დეპუტატებმა“ მხარი დაუჭირეს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ხარჯების სიიდან რუსი ბიზნესმენისთვის, მიხაილ პანოვისთვის 55 მილიონი რუბლის (718 ათასი აშშ დოლარი) კომპენსაციის სახით გადახდის ამოღებას.
ამ დებულებამ დეკემბერში ბიუჯეტის პირველი მოსმენის დროს, უთანხმოება გამოიწვია, როდესაც ზოგიერთმა „დეპუტატმა“, მათ შორის „საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ“, ნატალი სმირმა ეჭვი გამოთქვა, რომ ამგვარი ქმედებით ხელისუფლება „მეგობარს ბიუჯეტის ხარჯზე“ ეხმარებოდა.
გუშინვე, „დეპუტატებმა“ არასაბიუჯეტო ფონდების არადეფიციტური ბიუჯეტები დაამტკიცეს, რის შედეგადაც, საპენსიო ფონდისთვის 1.29 მლრდ რუბლი (16.8 მლნ აშშ დოლარი); „რეპატრიაციის“ ფონდისთვის“ – 209.3 მლნ რუბლი (2.7 მლნ აშშ დოლარი); ინვალიდ ვეტერანთა ფონდისთვის – 166.2 მლნ რუბლი (2.17 მლნ აშშ დოლარი); სოციალური დაზღვევისა და შრომის დაცვისთვის 122.8 მლნ რუბლი (1.6 მლნ აშშ დოლარი) და სამედიცინო დაზღვევისთვის 45.5 მლნ რუბლი (595 ათასი აშშ დოლარი) გამოიყო.
საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესმა“ 17 თებერვალს განაცხადა, რომ „დეპუტატებმა“ საგზაო ფონდის შემოსავლები 115 მლნ რუბლით (1.5 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ხარჯები 119 მლნ რუბლით (1.55 მლნ აშშ დოლარით) განსაზღვრეს.
2022 წლის ბიუჯეტის მიღება მას შემდეგ შეფერხდა, რაც „ფინანსთა მინისტრმა“, ვლადიმირ დელბამ „საკანონმდებლო ორგანოს“ პროექტი 2 დეკემბერს, დათქმულ დროზე ერთი თვის დაგვიანებით წარუდგინა.
აფხაზეთში 2021 წლის ბიუჯეტის მიღებაც შეფერხდა. „დეპუტატებმა“ ის პირველი მოსმენით ჩააგდეს და საბოლოოდ ბიუჯეტი 31 მარტს დაამტკიცეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)