საქართველო მკაცრად გმობს პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას

საქართველოს ხელმძღვანელმა პირებმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 21 თებერვლის გადაწყვეტილება უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაზე.

თბილისის აზრით, პუტინი ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარებით 2008 წელს საქართველოში გამოცდილ სცენარს იმეორებს.

„საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუჰანსკის „აღიარებას“, რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა , სალომე ზურაბიშვილმა.

„საქართველო თქვენს გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“, – მიმართა მან უკრაინელ კოლეგას.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მიერ „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის [სცენარს]“.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, — აღნიშნა Twitter-ზე საქართველოს პრემიერმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ნაბიჯი აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს.

„საქართველო სოლიდარულია უკრაინისადმი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ მტკიცე ნაბიჯები გადადგას, რათა აირიდოს ომი და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები“, – დაამატა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი ამ რეგიონისა და აფხაზეთის/საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტროს თქმით, „საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის“.

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას“, – დასძინა საგარეო საქმეთა უწყებამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)