თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, მუსტაფა შენთოფი 21 თებერვალს თბილისში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავის კოლეგას, შალვა პაპუაშვილს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, შენთოფმა Twitter-ზე დაწერა, რომ მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესების სურვილი დაადასტურეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გუშინვე, მუსტაფა შენთოფმა და მისმა ქართველმა კოლეგამ, შალვა პაპუაშვილმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები გამართეს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს და უკრაინაში დეესკალაციისა და ომის თავიდან არიდების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
თურქეთის პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.
ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ განახლებულ შეთანხმებას, რომელიც რეგულარული კონტაქტებისა და ვიზიტების გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე კონსულტაციების გამართვას და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში ერთმანეთის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარში, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების მიმართ.
„ასევე გამოვხატავთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამ პოზიციას ყველა პლატფორმაზე ვუსვამთ ხაზს“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- შალვა პაპუაშვილი გაერთიანებულ სამეფოს სტუმრობს
- პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)