მარტიდან კოვიდთან დაკავშირებული რიგი შეზღუდვები შემსუბუქდება
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და „ომიკრონის შტამის პიკის გადავლის“ გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მარტიდან კოვიდთან დაკავშირებული რიგი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან:
- საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით საქართველოში შემოსვლის უფლება უკვე უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს ექნება, რომელიც სრულად არის აცრილი ან აქვს 72-სთ-იანი ვალიდურობის PCR ტესტი (მესამე დღეს PCR-ის გაკეთების ვალდებულების გარეშე);
- ქვეყანაში PCR ტესტით შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსვლისას მესამე დღეს განმეორებითი ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ ექნებათ. PCR-ის გარეშე შემოსული მოქალაქეებისთვის კი 8-დღიანი კარანტინი 5 დღემდე შემცირდება;
- კვების ობიექტების ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან 10-ის ნაცვლად უკვე 15 ადამიანი დაიშვება;
- დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 6-ის ნაცვლად 10 ადამიანის დაჯდომა იქნება შესაძლებელი;
- ასევე, უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;
- იმავე პირობით დასაშვები იქნება სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვაც;
- უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;
- უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ. კოვიდ-სასტუმროები. აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა დღეიდან შეჩერდება;
- უქმდება სასტუმროებისთვის სარესტორნო მომსახურებაზე არსებული შეზღუდვაც.
რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციებიც.
უკვე ცნობილია, რომ 4 მარტიდან მუშაობას განაახლებენ ღამის კლუბებიც. ამასთან, 15 მარტიდან კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე იქნება შესაძლებელი.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთს შორის სარაგბო მატჩზე მაყურებელთა 50% დაიშვება.
ამიერიდან, საკოორდინაციო საბჭო ყოველკვირეულის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)