1922: საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დახურა

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 22 თებერვალი, N22

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამ. საზოგადოების დაკეტვა

ქართველ კულტურულ მოძრაობასაც საბოლოოთ ლიკვიდაციას უშვებიან. მოსპეს რა კომუნისტებმა ყოველგვარი კულტურული ორგანიზაციების გამომცემლობა, ამ ბოლოს გაანადგურეს ქართ. შორ. წერა-კითხვის გამავრ. საზოგადოება. საზოგადოება დაარსდა 1879 წელს. მაისში, ამ დროიდან საზოგადოებამ საქართველოში და საქართველოს გარეთაც დაარსა სკოლები, დაარსა ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, გამომცემლობა. თითქმის ყველა ჩამორჩენილ კუთხეებში შეიჭრა და გააფართოვა განმანათლებელი მუშაობა. სისტემატიურად ბეჭდავდა იაფ ფასებში სამეცნიერო, სასკოლო, სალიტერატურო, საისტორიო წიგნებს და ავრცელებდა. ინახავდა თავის სტიპენდიებით მოსწავლეებს, ზრდიდა ღარიბ მოსწავლეებსაც. დაარსა აგრეთვე ძველ-ხელთ ნაწერთა წიგნთ-საცავ-მუზეუმი, საქართველოს კულტურის ერთ-ერთი საგანძური.

ადვილად გასაგები იყო, როცა საზოგადოებას ძველი თვითპყრობელობის წარმომადგენლები ებრძოდენ, მაგრამ 2.-კით. საზ. ორმოცი წლის განმავლობაში შეუდრეკლად იდგა ეროვნული კულტურის სადარაჯოზე და მხნეთ იგერიებდა რუსიფიქატორების თავდასხმას. ქართველი ხალხი განუზომელი პატივისცემით ეპყრობოდა ამ საზოგადოებას და ეხმარებოდა. ყველა დიდი მწერალი ანდერძად თავის თხუზულებებს, ბიბლიოთეკებს და ზოგჯერ მთელ თავის ქონებასაც მას სწირავდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან წ.-კ. გ. ს.-მ თავისი სკოლები და სამკითხველოები საქართველოს მთავრობას გადასცა და გაორკეცებული ძალებით შეუდგა წიგნების იაფად გამოცემას. მიუხედავად დიდი კრიზისისა საზოგადოებამ 1920 წელს შესძლო 50 მსხვილი ტომის გამოცემა.

დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კი ეხმარებოდა ნივთიერადაც [ფინანსურად].

საქართველოს დაპყრობიდან დაიწყო ბოლშევიკურ ხელისუფლებისაგან წერა-კითხვის საზოგადოების მოსპობა. განათლების კომისარიატმა გამოაცხადა, რომ კერძო კულტურული დაწესებულებები განათლების კომისარიატს ექვემდებარება, მათ შორის წ.-კ. გამ. საზოგადოებაც, თუმცა საზოგადოების გამგეობა დაამშვიდეს ზეპირი განმარტებით, „შეგიძლიათ ავტონომიურად იმოქმედოთ, მხოლოდ განუწყვეტლივი კონტაქტი უნდა დაიჭიროთ განათლების კომისარიატთან და მისი კონტროლის ქვეშ დადგეთო“.

საზ. გამგეობამ განიზრახა ამ პირობებშიაც მუშაობა, ითხოვა წიგნების დასაბეჭდათ ნებართვა, მაგრამ ცენზურამ უარი უთხრა, რაც  კი იბეჭდებოდა საზოგადოების თაოსნობით სუ ყველა შეაჩერეს, მხოლოდ ორი წიგნაკის დაბეჭდვის ნება მისცეს ბოლომდე.

ხშირათ განათ. კომისარიატი დართავდა ნებას გამოეცით წიგნი, მაგრამ ვინმე გადატიევი გრუკავროსტას სათავეში მდგომი აკრძალავდა. აკრძალეს სხვათა შორის ცნობილი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის თხუზულების და „დედა-ენის“ დაბეჭვდაც.

საზოგადოების მრავალჯერ ჩივილის შემდეგ დაიბარეს გამგეობის შემადგენლობა მათთან ერთად მდგომარეობის გამოსარკვევათ. ხელახლა აღუთქვეს ავტონომია და მოითხოვეს კონტაქტის დამყარება სახ. განათლების კომისარიატთან. ამ დაპირებას კი წინააღმდეგი მოჰყვა. დაბეჭდეს [დალუქეს] საზოგადოების წიგნის მაღაზია და კანცელარია. როცა საზოგადოების წარმომადგენელმა იკითხა დაკეტვის მიზეზი, მატ განუცხადეს: იმიტომ დავკეტეთ, რომ წიგნები არ გამოსცეთო. რევკომის თავჯდომარესთან მისვლის და თხოვნის შემდეგ განკარგულება გაიცა დაკეტვის ახსნის შესახებ. ეს მოხდა, მაგრამ საზოგადოებას მაშინვე ჩამოართვეს რაც კი ქაღალდი გააჩნდა. ამით მოუსპეს ფაქტიურად წიგნების გამოცემის საშვალება, ხოლო სახ. განათლების კომისარიატმა წაიღო უფასოთ ჯერ სახელმძღვანელო, მხოლოდ შემდეგ საკითხავი წიგნები 800 000 000 მანეთისა. ამ გაძარცვის შემდეგ განათლების კომისარიატმა დაიბარა საზოგადოების წარმომადგენლები „ურთი-ერთობის გამოსარკვევად“ და აღუთქვა ავტონომია და ხელის შეწყობა, მხოლოდ ბეჭდვის წინასწარი დასტურით. ამავე დროს გამოიცა განკარგულება ბეჭდვის და ვაჭრობის თავისუფლების შესახებ, რის შემდეგ საზოგადოებას იმედი მიეცა მუშაობისა, მაგრამ საზოგადოებამ უკანასკნელ ხანებში მიიღო განკარგულება სახალხო განათლების კომისრის, რისი ძალით საზოგადოება სრულიად იკეტება.

აი ასეთი ბედი ეწია საქართველოს უდიდეს კულტურულ საზოგადოებას.

ის, რაც ვერ მოსპეს ნიკოლოზის რეჟიმის სულის ჩამდგმელებმა ჩვენში, მოსპეს კომუნისტებმა.

[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 1922 წლიდან 1927 წლამდე ფორმალურად კვლავ არსებობდა გამგეობის განახლებული შემადგენლობით, თუმცა მას აკრძალული ჰქონდა ავტონომიური საქმიანობა. 1927 წელს საზოგადოებამ არსებობა სრულად შეწყვიტა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].