ოპოზიციამ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე პროცედურული დავის ფონზე აირჩია
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პროცედურული დავის ფონზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა და პარტიამ საქართველოსთვის დღეს 17 ხმით სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელი ირაკლი კაჭარავა აირჩიეს.
სენაკის 33-წევრიან საკრებულოში ამ დრომდე თავმჯდომარის არჩევა იმის გამო ვერ შეძლეს, რომ უმრავლესობა არც ქართულმა ოცნებას ჰქონდა და არც ოპოზიციას. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მმართველმა პარტიამ საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 13, გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის კი – 4.
თუმცა, სენაკის საკრებულოში ჩიხი მას შემდეგ შეიქმნა, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთმა დეპუტატმა, ილია ახალაიამ დეკემბრის დასაწყისში მანდატზე უარი თქვა. შედეგად ოპოზიციას ჯამში 16 ხმა დარჩა, რაც თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი არ იყო.
საკრებულოში ვითარებას 9 თებერვალს, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცნეს. თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატებმა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ამით ოპოზიციამ კანონი დაარღვია.
ქართულ ოცნებაში განმარტეს, რომ ოპოზიციას სესიის გახსნის უფლებამოსილება არ ჰქონდა, რადგანაც მმართველი პარტიის ბოიკოტის ფონზე, სხდომას კვორუმისთვის საჭირო 17 დეპუტატი არ ესწრებოდა.
ოპოზიციის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე გამართულ ბრიფინგზე, სენაკის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა, საბა ოდიშარიამ განაცხადა, რომ „მათ [ოპოზიციონერმა დეპუტატებმა] კანონის უხეში დარღვევით, მიიღეს არა მარტო ქართული სამართლისთვის, არამედ ცივილიზებული სამყაროსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება“.
ოდიშარიას თქმით, მმართველი პარტია სენაკის რაიონულ სასამართლოს მიმართავს და საკრებულოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს.
თავის მხრივ, ოპოზიციაში განმარტეს, რომ 9 თებერვლის სხდომა საკრებულოს პირველი, 3 დეკემბერის სხდომის გაგრძელება იყო, რომელსაც 32 დეპუტატი ესწრებოდა.
პარტის საქართველოსთვის წევრის, ბერდია სიჭინავას მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის 12 ხმაა საჭირო, ოპოზიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედა.
მანვე ქართული ოცნება სხდომებზე არდასწრების გზით საკრებულოს „საბოტაჟში“ დაადანაშაულა.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პროცედურული დაპირისპირების გამო დღეს „პროტესტის ნიშნად“ თანამდებობა დატოვა სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ვეფხვია რუსიამ.
„მე უკვე არ ვიცი, რა ხდება საკრებულოში“, – განაცხადა მან.
რუსიამ 9 თებერვლის სხდომაზე საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და საკრებულოს წევრების მხრიდან მისი აპარატის თანამშრომლების მიმართ„ზეწოლაზეც“ გაამახვილა ყურადღება.
ჩხოროწყუს, წალენჯიხის, რუსთავისა და ზუგდიდის შემდეგ, სენაკი უკვე მეხუთე საკრებულოა, სადაც თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს.
მოცემული მომენტისთვის, ბათუმის საკრებულო ერთადერთია, სადაც თავმჯდომარე დღემდე არ აურჩევიათ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)