საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას მოიწვევს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი ხელს მოაწერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ მის ადმინისტრაციაში შესულ მოთხოვნას.

მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა გამოხატოს, რომ „ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაფართოებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

ქართველი საზოგადოების, პოლიტიკურ სპექტრის, ასევე უმრავლესობის, ოპოზიციისა და მთავრობისადმი მიმართვისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „დღეს როგორც არასოდეს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია!“.

„დღეს ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი ბოლომდე იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია“, – დასძინა მანვე.

„დღეს, როცა იგი [უკრაინა] ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას!“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის მთავრობას, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც „ასეთივე აგრესია განიცადა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)