ანატოლი ბიბილოვმა სამხედროები ყაზარმულზე გადაიყვანა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა სამხედროები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანა. ცნობებს ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„უშიშროების საბჭოს“ გაფართოებულ საგანგებო სხდომაზე, ბიბილოვმა ოკუპირებულ რეგიონში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზასთან თანამშრომლობის ბრძანება გასცა.

„ის დავალებები, რომელთაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასცემს, ასევე გავრცელდება სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროზე“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მან ბრძანება გასცა, რომ ურთიერთქმედების თაობაზე უწყვეტი კავშირი დამყარდეს და საჭიროების შემთხვევაში, ოკუპირებული რეგიონის შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

ცხინვალის ლიდერმა დღესვე ოპერატიული შტაბის შექმნის ბრძანება გასცა, რომელშიც ჩაერთვებიან „თავდაცვის სამინისტრო“, „შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „უშიშროების კომიტეტი“, „საგარეო დაზვერვის სამსახური“, „პროკურატურა“ და სხვა უწყებები. შტაბს თავად ბიბილოვი უხელმძღვანელებს, ხოლო „პრემიერმინისტრი“ და „პარლამენტის თავმჯდომარე“ მისი მოადგილეები იქნებიან.

ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა ასევე „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ მთელი შემადგენლობა და „მზად არიან რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ყველა ბრძანება შეასრულონ“.

დანარჩენ საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის კონტროლის მიზნით, ბიბილოვმა „უშიშროების კომიტეტს“ სასაზღვრო სამსახურთან და რუსეთის FSB-სთან კოორდინაცია დაავალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)